ამჟამად, ჩვენი ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაოს აქტიურად, დაახლოებით, 141 ათასი ადამიანი ეძებს. სწორედ ამ რაოდენობის სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული HR.GE-ის პლატფორმაზე, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ HR.GE-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ვაკანსიების რაოდენობა სამუშაოს მაძიებელთა რიცხვს ჩამორჩება, ვინაიდან შრომის ბაზარზე ვაკანსიების ვარდნა შეინიშნება.
„მიმდინარე წლის ზაფხულის 3 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიებში 9%-იანი კლება გვაქვს“, - განმარტა ინგა შახბაზიანმა.
ის, რომ ვაკანსიები შემცირებულია ადასტურებენ PMC კვლევით ცენტრშიც. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებში წერია, რომ მაგალითისთვის, 2025 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში, დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 23 232 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი, თითქმის 11%-იანი კლება დაფიქსირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.
დარგის ექსპერტები შრომის ბაზარზე სტაგნაციის ნიშნებს ხედავენ და ამბობენ, რომ დასაქმების ბაზარმა თავის პიკს უკვე მიაღწია და მიმდინარე წელს, ასევე მომდევნო წლებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაკანსიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. შრომის ბაზრის ექსპერტების შეფასებით, ვაკანსიების რაოდენობის კლება შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას და ბიზნესის გაუარესებულ განწყობებს უკავშირდება, შედეგად როგორც ისინი ამბობენ, დღეს, ქვეყანაში ნაკლები მოთხოვნაა სამუშაო ძალაზე.
ამ ფონზე გაზრდილია ქვეყანაში უმუშევრობის დონეც. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ანაზღაურებების საკითხს, „ბიზნესპარტნიორთან“ HR.GE-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სამი თვის მონაცემებით, ხელფასები თითქმის ყველა სექტორში იმ ნიშნულზე შენარჩუნდა, რა ნიშნულზეც იყო.
„ერთადერთი სექტორი, სადაც გარკვეული ბენეფიტები შეინიშნება - რითეილია. კადრების მაღალი გადინების გამო, აღნიშნული სექტორი იძულებული გახდა, ახალი კადრების მოსაზიდად, პოტენციური თანამშრომლებისთვის ისეთი ბენეფიტები შეეთავაზებინა, მაგალითად, როგორიცაა - სწავლის დაფინანსება. ვინაიდან, ვიცით, რომ რითეილ სექტორში უმეტესად ახალგაზრდები მუშაობენ“, - განმარტა შახბაზიანმა.
ცნობისთვის, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 997 ათას ადამიანს აჭარბებს.
bp.ge