ზაფხულიდან ბათუმი-კონსტანცას შორის სამგზავრო გემები იმოძრავებენ. ამის შესახებ „საზღვაო ხაზის E60”-ის დირექტორმა შალვა წაქაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კონსტანცას პორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.

გარდა სამგზავრო გემებისა, შალვა წაქაძე აცხადებს, რომ ფოთი-კონსტანცას მიმართულებით სატვირთო გემები მარტიდან გაორმაგებული სიხშირით იმოძრავებენ.

„რამდენიმე თვეა რუმინეთის ქალაქ კონსტანცას და ფოთს შორის საბორნე მიმოსვლა დაინიშნა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა. სრული დატვირთვით ვმუშაობთ. გემი მუშაობს თვეში  4 სიხშირით და ვაპირებთ სიხშირეების დამატებას, რადგან მოთხოვნა არის. ჩვენ შევიძინეთ საკუთარი გემი და თვის ბოლოდან დაიწყებს იგივე მარშრუტზე მუშაობას და სიხშირეებსაც გავაორმაგებთ. იქნება თვეში 8 მარშრუტი.

ბათუმიდანაც ვაპირებთ მიმოსვლის დაწყებას, თუმცა ეს სხვა ტიპის გემი იქნება. არსებული გემები ძირითადად არის სატვირთო ტიპის და ზაფხულიდან რომელიც გვინდა, რომ დავამატოთ უფრო სამგზავრო იქნება. ეს გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული გემები უფრო მეტად მგზავრებისთვის იქნება გათვლილი, თუმცა ავტომობილების გადატანის საშუალებაც ექნებათ“, - განაცხადა წაქაძემ.