ყაზახეთმა და ჩინეთმა კასპიის ზღვის სანაპიროზე საკონტეინერო კვანძის მშენებლობა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სატრანსპორტო სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, ყაზახური მედია ავრცელებს.
„ეს პროექტი გაზრდის ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ლოგისტიკურ სისტემაში და გააფართოვებს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის პოტენციალს. ჰაბის განხორციელება გაზრდის კონტეინერების ტრანსპორტირებას ტრანსკასპიის მიმართულებით აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით. ასევე ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი სატრანზიტო ტვირთის ნაწილის გადამისამართება მოხდება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ამჟამად მიწის განაშენიანების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 20 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკაა გამოყენებული.
პროექტი ხორციელდება მანგისტაუს რეგიონში, ის გაზრდის აკტაუს პორტის გამტარუნარიანობას 240 ათას ოცი ფუტის ეკვივალენტურ ერთეულამდე (TEU).
დღეისათვის საზღვაო ნავსადგურებში კონტეინერების გადაზიდვის მაჩვენებელი 84%-ით გაიზარდა და შეადგინა 58 ათასი TEU, ხოლო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ კონტეინერების ტრაფიკის ზრდა 2,7-ჯერ აღინიშნა.
სამუშაოების დასრულება 2025 წლის შუა რიცხვებში იგეგმება.