ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა არსებულ ტენდენციებს აფასებს და ამბობს, რომ დარგის წარმომადგენლებს, ფქვილის ფასის მცირედით ზრდის მოლოდინი აქვთ, რაც პურის ფასზე გავლენას არ იქონიებს.
როგორც ის განმარტავს, ხორბლის ფასის მატების და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე, საქართველოში ვითარების სტაბილურობას ერთი მხრივ მარაგები, მეორე მხრივ კი ახალი მოსავლის მოლოდინი უზრუნველყოფს. ლევან სილაგავას თქმით, სწორედ არსებული ვითარება განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს თანახმად, მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
"განვიხილეთ სამინისტროში ის საკითხები, რაც დღევანდელ სიტუაციაში განსაზღვრავს ხორბლის ფასს. დავაფიქსირეთ პოზიცია და მოკლე ანალიზი გავაკეთეთ მიმდინარე პროცესებზე. ვიცით, რომ მთლიანობაში თვითონ ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით გარკვეული ლოგისტიკური გადალაგებები ხდება მსოფლიოში, მათ შორის ეს შეეხო ხორბალს, არა დრამატულად, მაგრამ მაინც. შავ ზღვაზე ხორბლის გადაზიდვის ფასი გაძვირებულია 40 დოლარიდან 55 დოლარის ფარგლებში ერთ ტონაზე, ხორბალზე ოდნავ ფასი აწეულია რუსეთში და საქართველოს ბაზარზე გავლენა ამას რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ამწუთიერი არა. მარაგები არ შეფერხებულა, შემოტანა გრძელდება ჩვეულებრივად და ვემზადებით ახალი სეზონისათვის. ახალი სეზონი დაიწყება პირველი ივლისიდან და ამ მხრივაც თუ ავიღებთ, სეზონის დაწყება ისტორიულად ნიშნავს, რომ ფასი გარკვეულად სტაბილიზაციისკენ მიდის. ეს დადებითი ფაქტორია და შესაბამისად, ვფიქრობ, გარკვეული სტაბილურობა იქნება. ჩვენ მუდმივად გვაქვს დაახლოებით ორი თვის მარაგი. ეს არის მარაგი, რომელიც ადგილზე არსებობს და ხარჯვის პარალელურად იმპორტიც ხდება, ამას დაემატება ადგილობრივი ხორბლის მოსავალი ივნისის თვეში. შესაბამისად, ფიზიკურად საქართველოში ხორბლის არსებობას არავითარი პრობლემა არ ექმნება.
უკვე შემდგომისთვის ფასი და პრობლემები, რომელიც ვთქვათ ირანის გარშემო ტრიალებს, ალბათ, სადღაც აისახება ფასზე, შეიძლება აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში. გაძვირების მხრივ გარდამავალი ეფექტია და არა დარტყმისებური, შესაბამისად, ჩვენ არც ისე დრამატულ ზრდას ველით, რომ ამან პურის ფასზე იქონიოს გავლენა. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი არის 53 ლარი, რაც საკმაოდ კომფორტულია მეპურეებისთვის. გაძვირება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ლარის ფარგლებში ტომარაზე", - ამბობს ლევან სილაგავა.
ის ყურადღებას ამახვილებს წისქვილკომბინატების და ფერმერების რეესტრის არსებობის მნიშვნელობაზეც.
"ასევე, [სამინისტროში შეხვედრაზე] დავაფიქსირეთ ის პოზიცია, რომ ვემზადებით თვითონ ქართული მოსავლის მისაღებად. აქაც საკოორდინაციო შტაბი შარშან იყო და წელსაც იქნება. მუშაობა ამ მხრივ გაძლიერდება, რომ უფრო კონკრეტული იყოს იგივე წისქვილკომბინატების რეესტრი საქართველოში და ყოველი წისქვილკომბინატი, რომელიც საქართველოში მუშაობს ჩაებას იმ სერიოზულ საქმეში, რასაც ჰქვია ხორბლის აღება, დაბინავება და ფასების სტაბილიზაცია. წისქვილების რეესტრი და ფერმერების რეესტრი ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ფერმერებისათვის. იყო რამდენიმე ინიციატივა შარშან, სუბსიდირებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იქ შეფერხება იყო მაშინაც, რომ ვის უნდა მიეცეს. ანუ ვინ არის ფერმერი, რამდენია, რამდენს აბარებს და ასე შემდეგ. ამისთვის არის საჭირო ეს სტატისტიკური მონაცემები აუცილებლად იყოს და მიკვლევადობა იყოს. ამ თემაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ შეხვედრებზე და ამასთან, ნაბიჯები დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადადგმული იქნება მუშა პროცესში.
კიდევ ერთი თემა იყო, რომ სამინისტრო ქმნის კომუნიკაციის არხებს სხვადასხვა დარგების მიხედვით. კომიტეტები იქმნება, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამინისტროსთან კომუნიკაციას განახორციელებენ და მათ შორის მინისტრი დაახლოებით კვარტალში ერთხელ ამ კომუნიკაციაში მონაწილეობას მიიღებს, რაც კარგია", - განაცხადა ლევან სილაგავამ.