„რეალურად ჩვენ ველოდებით რთულ უახლოეს თვეებს. იმიტომ, რომ რუსეთში ფასების მატების ტენდენცია მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ იმპორტირებულ ხორბალზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, როდის შემოვა უკვე გაძვირებული ხორბალი ქვეყანაში, ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, 2 კვირიდან ერთი თვის განმავლობაში.
„ფასის მატების ტენდენცია რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის და ამაზე საჭიროა რეაგირება. დღეს ფასთან მოლოდინში ალბათ, დავიჭერთ გარკვეულ ბალანსს (უახლოესი მომავალში), იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს უფრო დაბალ ფასად შემოტანილი ხორბლის მარაგები. შესაბამისად, ეს მარაგები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შემდგომში უკვე გაძვირებული ფასით შემოსული ხორბლის ფასი დავაბალანსოთ, საშუალო შეწონილი ფასით.
უახლოესი თვეებში იქნება დაბალანსებული ფასით, მაგრამ მსოფლიო ბაზრის და რეგიონის ტენდენციებიდან არც ისე კარგი პერსპექტივა ჩანს. ალბათ, უკვე მარტის ბოლოს გვექნება მკვეთრი სურათი. თუ რუსეთში ხორბლის ახალი მოსავლის მოლოდინები გამოსწორდა, მაშინ ის უარყოფით ფაქტორები, რაც დღეს მოქმედებს, შესაძლოა, გარკვეულწილად ნიველირდეს.
თუმცა, კიდევ არის შემოტანილი ერთი ფაქტორი. რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებთან და იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა, დასრულდეს. ამ ფონზე, რუსეთში რუბლი გამყარდა, რაც იწვევს საექსპორტო მდგენელის გაძვირებას. თუ ჩვენ 2 კვირის წინ დოლარში 110 რუბლს ვყიდულობდით, დღეს არის 90 რუბლი. ეს ცხადია, ჩვენ ბაზარზე პროდუქტის გაძვირებას იწვევს. ეს მოქმედებს ხორბლის საექსპორტო ფასზე, იმიტომ, რომ იქ რუბლებში იანგარიშება. გამოწვევები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამას ვუპასუხოთ.
ერთი, რაც კარგად ემთხვევა, დღეს ხორბლის მაღალი მოსავლის პირობებში, ყაზახეთი სუბსიდირებას აკეთებს სატრანსპორტო მდგენელის, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ბაზრისთვის, ამით, შესაძლოა, დამაბალანსებელი ეფექტი მივიღოთ“,- ამბობს ლევან სილაგავა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვეა საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი მცირდება, ყაზახურის კი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში საქართველომ რუსეთში 6.116 მლნ დოლარის ღირებულების (25 474 ტონა) ხორბალი იყიდა, მიმდინარე წლის იანვარში კი 4.698 მლნ დოლარის (19 451 ტონა). ამ დროს, 367 ათასი დოლარიდან ( 1 610 ტონა) 590.2 ათას დოლარამდე ( 2 590 ტონა) გაიზარდა დეკემბერთან შედარებით იანვარში ყაზახური ხორბლის იმპორტი.
იმპორტის ამ მონაცემებიდან გამომდინარე გამოდის, რომ საქართველოს ყაზახური ხორბალი უფრო იაფი უჯდება, ვიდრე რუსული. უფრო კონკრეტულად, დეკემბერსა და იანვარში ყაზახეთიდან ერთი ტონა ხორბლის იმპორტი 228 დოლარი დაჯდა, რუსეთიდან კი 241 დოლარი (გადასახადების გარეშე).