აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ქვეყანაში ინვესტიციების შემომავალ ნაკადზე გავლენა ექნება. ეკონომისტი გოჩა ქარდავა ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ განცხადების (მოლაპარაკებების გახსნის გადავადებასთან დაკავშირებული) გავლენა უკვე იგრძნობა და უკვე შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მისი განმარტებით, ინვესტორებისთვის ქვეყნის კურსი დღეს კითხვის ნიშნებს და გაურკვევლობას აჩენს. გოჩა ქარდავა აცხადებს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის აღარ არის მკაფიო გრძელვადიანი პერსპექტივები. მათ უჭირთ განსაზღვრონ ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში შეძლებენ თუ არა განხორციელებული ინვესტიციებიდან შესაბამისი შემოსავლისა და მოგების მიღებას.

,,მთავარი ფაქტორია გაურკვევლობა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. არსებობდა რაღაც ზოგადი კურსი, რომელსაც ქვეყანა მიყვებოდა. ეს ყველასთვის ნათელი და ცნობილი იყო. შესაბამისად, გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთების დროს აუცილებლად ითვალისწინებდნენ იმ ზოგად მიმართულებას, რომელიც ქვეყანას ჰქონდა. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები, რომლებმაც გაურკვევლობა გამოიწვია ეკონომიკაში. შესაბამისად, გრძელვადიანი პერსპექტივის განსაზღვრა, დანახვა ინვესტორებისთვის გახდა უფრო რთული. მთავარი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ამან გამოიწვიოს ინვესტიციების შემცირება არის სწორედ ეს, ვინაიდან უცხოელი ინვესტორებისთვის აღარ არის მკაფიო, თუ სად იქნება პირობითად 10 წლის შემდეგ ქვეყანაში და რამდენად შეძლებენ ჩადებული ინვესტიციებიდან შესაბამისი ამონაგების მიღებას. შექმნილი გაურკვევლობის გავლენა პირველ ეტაპზე ისედაც შესამჩნევია. უკვე შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს დამოკიდებული იქნება იმ კონტურებზე, რომლებიც ახლა ნელ-ნელა უნდა გამოჩნდეს. თუ გაგრძელდა მიმდინარე პროცესი და გართულდა დასავლეთთან ურთიერთობები, რა თქმა უნდა ის ინვესტორები, რომლებიც აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ საქართველოში რაღაცას აწარმოებენ და შემდეგ გაიტანენ ევროკავშირის ბაზარზე ისინი სულ უფრო მეტად შეამცირებენ ინვესტიციებს. კონკრეტული რიცხვების დასახელება ამ ეტაპზე რთულია“, - აცხადებს გოჩა ქარდავა.

ეკონომისტი განმარტავს, რომ ინვესტორები კონკრეტულ ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებას თავად იღებენ. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ალტერნატიული საინვესტიციო წყაროების მოძიება რთული იქნება, რადგან პოტენციალის დანახვის შემთხვევაში ინვესტორი საქართველოში დამატებითი ჩარევის გარეშე შემოვლენ.

,,ინვესტორები თვითონ ეძებენ ყოველთვის ისეთ ბაზარს სადაც შევლენ, ჩადებენ ინვესტიციას და მოგებას ნახავენ. ის რომ, მთავრობამ გადაწყვიტოს, მოდი მოვიძიოთ ალტერნატიული საინვესტიციო წყაროები, ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა და რთულია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ინვესტორს თავისი ინტერესები აქვს და მათ უკეთ იციან მათი ინტერესები. საქართველოში თუ ხედავენ რაიმე პოტენციალს ისინი აუცილებლად აითვისებენ ამას დამატებითი ჩარევების გარეშე.''- აცხადებს გოჩა ქარდავა.