2023 წლის მაისში ბინების გაყიდვები გაიზარდა წინა თვეში შემცირების შემდეგ - თბილისში გაიყიდა 3,650 ბინა, რაც წლიური 2.0%-იანი და თვიური 34.9%-იანი ზრდაა. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.

„ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მეტი - 1,650 ბინა გაიყიდა (+20.0% წ/წ). ამავდროულად, მეორად ბაზარზე კლება დაფიქსირდა როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5.5% წ/წ და -12.0% წ/წ.

მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი (+180.0% წ/წ), კრწანისი (+47.7% წ/წ) და დიდუბე (+19.1% წ/წ). ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ვაშლიჯვრის წილი მთლიან გაყიდვებში დაბალია, მაისში ეს წილი თითქმის გასამმაგდა 4.6%-მდე. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) დომინირება“, - აღნიშნულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება 2023 წლის მაისის მიმოხილვაში.