საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით.
ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„სამინისტრო თვლის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და არამარტო არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებს.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას მეზობელ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის ასეთი სახის უხეშ ფორმებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ქვეყნის ჩართვა არაგონივრული ხერხებით ხდება“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ცნობისთვის, გუშინ სომხურ მედია Hraparak-ზე გავრცელდა ინფორმაციას, რომ რუსეთში სომხური მარწყვის იმპორტის შეზღუდვის შემდეგ, ზოგიერთმა მწარმოებელმა პროდუქციის ექსპორტი საქართველოს გავლით დაიწყო და ის თურქულად დაარეგისტრირა.
