„სავალუტო ფონდი საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის გონზე მოყვანას ცდილობდა, მაგრამ ხელისუფლება ეროვნული ბანკის სრულად გაკონტროლებას ცდილობს და არ აძლევს საშუალებას შეასრულოს დამოუკიდებელი ორგანიზაციის როლი, რომელსაც ის წესით უნდა ასრულებდეს“, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტმა ამირან კაპანაძემ  საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების საკითხზე „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ ეროვნულ ბანკთან მიმართებით გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს უკავშირდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ არასწორი ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ როგორიც იყო მაგალითად სანქციებისგან თავის არიდების მცდელობა, ამან სავარაუდოდ გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტის მკვეთრი რეაქცია, რომელმაც განაცხადა, რომ აღარ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდება საქართველოში მომავალში განხორციელებული პოლიტიკის სახით.

გარკვეული სიგნალები იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარლამენტი ცდილობდა კანონმდებლობის შეცვლას ეროვნულ ბანკთან მიმართებით, რასაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. სავალუტო ფონდი ცდილობდა საქართველოს პოლიტიკური ისთებლიშმენტის გონზე მოყვანას, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც იქით წაიყვანა ხელისუფლებამ მოვლენები რომ ის ეროვნული ბანკის სრულად გაკონტროლებას ცდილობს და არ აძლევს საშუალებას შეასრულოს დამოუკიდებელი ორგანიზაციის როლი, რომელსაც ის წესით უნდა ასრულებდეს“, - აღნიშნა ამირან კაპანაძემ. 

მისი პოზიციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას შეინარჩუნებს, რადგან ეს მის ინტერესშია, თუმცა მიმდინარე პროცესების შედეგები პირდაპირ აისახება ქართული საფინანსო სისტემის მიმართ ნდობის ხარისხზე.

„ჩემი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გარკვეულწილად მაინც გააგრძელებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას და ეცდება საღი აზრის ჯაჭვში მიწოდოს რეკომენდაციები და არ მოხდება ცალსახად ხელის ჩაქნევა ჩვენს მონეტარულ სისტემაზე. თუმცა, უახლოეს ხანებში შეგვიძლია ვიხილოთ რამდენად მაღალი იქნება ჩვენ მიმართ ნდობა, რამდენად მაღალ პროცენტს გადავიხდით, როდესაც კრედიტი დაგვჭირდება. პლუს ამას, ეს აისახება საერთაშორისო დონის მოთამაშეების დამოკიდებულებაზე, რომლებიც სავარაუდოდ იფიქრებენ საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე, რადგან ეს მათთვის არ არის დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ თავსებადი ვართ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან ისე, როგორც საჭირო იქნებოდა მაღალი ნდობის ქვეყნისთვის“, - განაცხადა ამირან კაპანაძემ.