საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივი ენერგეტიკული პროექტები 2-3 წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ მან 9 მარტს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვანო ზარდიაშვილის შეფასებით, ბიზნესთან კომუნიკაცია ხელს უწყობს პროცესების გაანალიზებას, იმისთვის რომ ბიზნესმა რისკები დააზღვიოს და სახელმწიფოსთან ერთად სინქრონში იაროს და განავითაროს თავისი ბიზნესი.

„ბიზნესის მთავარი კითხვები მდგომარეობდა საერთაშორისო პროექტებში ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით. ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმასთან დაკავშირებით თუ როდის დასრულდება თითოეული ხაზი, თითოეული ქვესადგური. სასიხარულო ინფორმაცია ის გვქონდა, რომ ყველა პროექტზე აღებულია სამშენებლო ნებართვები, ტაქსაციები, ხე-ტყის ჭრები, გზშ-ები, სკოპინგის პროცედურები და პროცესები უკვე შეუქცევადია. უახლოეს მომავალში მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ყველა საერთაშორისო პროექტი დასრულდება. რაც შეეხება ადგილობრივ პროექტებს, აქაც უაღრესად დიდი პროგრესი გვაქვს - 2 წლის განმავლობაში დასრულდება ლიახვის და პალიასტომის გაორჯაჭვიანების პროცესი და სხვა ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც სექტორი ელოდება დაერთებისთვის.

გარდა ამისა დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ბიზნესს დარგში მიმდინარე რეფორმებზე, როგორიც არის სტრუქტურის გაჯანსაღება, ბიუროკრატიის შემცირება, იმ თანხების დაზოგვა, რაც დარგში ახალი მენეჯმენტის პირობებში განხორციელდა“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვრცლად: bm.ge