ენერგეტიკოს დავით მირცხულავას გათვლებით, დღესდღეობით, საქართველოს ელექტროსადგურებს, დაახლოებით, 700-800 მეგავატის გამომუშავებისთვის საჭირო წყლის დაღვრა უწევთ, რაც თანხობრივად 100 მილიონ ლარამდეა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში არსებული ახალი გამოწვევა იყო - კერძოდ, როგორ უნდა იმართოს სეზონურად ჭარბი განახლებადი ენერგიები.
"მე რომ მკითხოთ, ქართულ ენერგეტიკაში ასეთი რთული ეტაპი არასდროს არ ყოფილა... საჭიროა, არასტანდარტული და სწრაფი გადაწყვეტილებების ერთობლიობა", - ამბობს ენერგეტიკოსი. მისივე შეფასებით, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა სტრუქტურული კრიზისის წინაშეა. “გენერაციის შეზღუდვები გადაიქცა ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად”, - აღნიშნა მან და დეტალურად განმარტა, რატომ ვერ გადაჭრის კრიზისს მხოლოდ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა, რა ნაბიჯებია გადასადგმელი დღესვე, რათა არ დაიკარგოს ინვესტიციები, არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა და არ გაუარესდეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება.