საქართველში უცხოეთის მოქალაქეების მიმართ უძრავი ქონებით დაინტერესება ძალიან დიდია. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ეს ტენდენცია გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ უკვე საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ეს კი ისედაც რთულ დემოგრაფიულ პირობებში, სიტუციას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. სპეცალისტები ფიქრობენ, რომ გარკვეული სახის ზომებია მისაღები, რათა უცხოელებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა შეეზღუდოთ.
მსოფლიოს ქვეყნები ამ კუთხით უკვე მკაცრ რეგულაციებზე გადადიან, მაგალითად ესპანეთში 100%-იანი გადასახადის შემოღებას აპირებენ
საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე წლებია დგას. ქართველები უწყვეტად გადიან ქვეყნიდან, პარალელურად კი მატულობს უცხოელთა რიცხვი, რომელებიც საქართველოში უძრავი ქონების შეძენითა და ფეხის მოკიდებით არიან დაინტერესებულნი.
შეიძლება ითქვას, მსგავსი პრობლემაა ბევრ ქვეყნებშიც, სადაც მკაცრ ზომებს მიმართავენ. წლების წინ ახალ ზელანდიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა შეიზღუდა.
მიგრანტების ნაკადმა შეაწუხა ესპანეთიც, ამიტომ ქვეყანაში უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენაზე 100%-იანი გადასახადის შემოღება იგეგმება.
ესპანეთი იმ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, სადაც სახლების ყიდვის ან დაქირავების სირთულის გამო საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. მიზეზი უძრავი ქონების მზარდი ფასები და მოთხოვნასთან შედარებით ახალი მშენებლობის მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა. ქვეყანაში უძრავ ქონებაზე დიდი მოთხოვნა იმ ადამიანების მხრიდან შეინიშნება, რომლებიც დასასვენებელ სახლებს ყიდულობენ ან თბილი კლიმატის ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას ცდილობენ.
მშენებლობაში ჩამორჩენა საქართველოს ნამდვილად არ აწუხებს, ბინების გაძირებით კი ყველა უკმაყოფილოა. განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანას მიგრანტთა დიდი ნაკადი მოაწყდა, ამიტომ საკმაოდ გაძვირდა უძრავი ქონება.
შექმნილი პირობების გამო სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ გარკვეული ზომები უნდა გაატაროს, რათა ქვეყანაში უცხოელთა მხრიდან უძრავი ქონების შეძენა შეიზღუდოს. ასეთი მოსაზრება აქვს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს" ხელმძღვანელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, რომ მალე ქართველები თავიანთ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
„ყველამ ვიცით, რომ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაში ვიმყოფებით. მომაკვდავი ერების სიაში ვყავართ შეყვანილი გაეროს. ასეთ პირობებში როდესაც უცხო ქვეყნიებდან მიგრაცია მზარდია, ეს ეთნო-კულტურულ-რელიგიური ბალანსის დარღვევის საწინდარია. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, დააწესოს ერთგვარი შეზღუდვა, რადგან, თუ პროცესი ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდეთ.
აუცილებლად მისაღებია ზომები, რა ფორმის იქნება, ეს ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, მაგრამ მას ეს თემა დიდად არ აინტერესებთ, რადგან სწორედ სახელისუფლებო წარმომადგენლების ხელშია სამშენებლო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ისინი რეგულაციებს მოერიდებიან, ამიტომ არ ველოდები ქმედით ნაბიჯებს ხელისუფლებისგან.
როგორც ახალ ზელანდიაში გააკეთეს 2017 წელს, სწორედ იგივე რეგულაცია უნდა შემოვიღოთ ჩვენ, რომ გარკვეული პერიოდით მაინც უნდა შევზღუდოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვა. სამსჯელო საკითხია, რა პერიოდით შეიძლება აღნიშნული აკრძლავა დაწესდეს.
საქართველში, ძირითადად, აზიური ქვეყნებიდანაა მიგრაცია, ისეთი ქვეყნებიდან, სადაც გარკვეული შეზღუდვებია. ჩვენთან თავისუფლად გრძნობენ თავს და ამიტომ მათი მხრიდან დაინტერესება მზარდია. ასევე ძალიან დიდი ნაკაიდი წამოვიდა საქართველოსკენ რუსეთიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ეს ყველაფერი ჯამში დემოგრაფიულ სურათს ჩვენს საწინააღმდეგოდ ცვლის", - ამბობს ზვიად ტომარაძე.
არსებობს სკეპტიკური დამოკიდებულებაც. სოციოლოგი პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ არ იმუშავებს კანონი, რომელიც უცხოელებს საქართველოში ბინის ყიდვას შეუზღუდავს, რადგან გამოსავლის გზები მოიძებნება.
„სხვადასხვა ქვეყნები უფრთხიან უცხოელთა ექსპანსიას. საქართველოშიც იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ თავის დაღწევის გზა აქაც არსებობს. სიტყვაზე, შეიძლება უცხოელმა ვიღაცაზე გააფორმოს ბინა, რეალურად კი მის საკუთრებაში იყოს. ვფიქრობ, რომ კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქეს შეეზღუდება უძრავი ქონების შეძენა, არ იქნება შედეგის მომტანი, რადგან ყოველთვის გამოინახება ისეთი პირი, რომელიც შუამავალი გახდება სახელმწიფოსა და უცხოეთის მოქალაქეს შორის. თავად შეიძენენ უძრავ ქონებას და სინამდვილეში, რეალური განმკარგველი მაინც უცხოელი იქნება.
ის რაც უცხოელისთვის ხელმისაწვდომი და კარგია, ქართველთვის რთულად მისაღწევია და თუ გრძელვადიანი სესხი არ აიღო - მინიმუმ 10 წლით -სხვანაირად ბინის ყიდვას ვეღარ ახერხებს. მთელ საქართველოშია ასეთი ტენდენია.
ეს პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ საქართველო და კერძოდ ბათუმი, იყო საუკეთესო გეოგრაფიული ადგილი როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთის მოქალაქეებში მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც არის ეთნიკურად ქართველი.
თუ ადრე ტენცენდია იყო, რომ თურქები და არაბები იძენდნენ ბინას, დღეს უმეტესად უკრაინელები და რუსები აქტიურობენ. შემოდიან უფრო მეტად მსყიდველუნარიანი უცხოელები. ბათუმში ხშირია შემთხვევა, როდესაც რუსებს ყიდულობენ რამდენიმე ბინას. ერთში ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენ 2-3 ბინას აქირავებენ.
საუკეთესო სიტუაცია იქნება, თუ საქართველოში ბინას საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ, მაგრამ ქართველისთვის, რომლის შემოსავლის წყარო მხოლოდ და მხოლოდ ხელფასია, ეს საკმაოდ დიდ ხარჯს უკავშირდება. როდესაც უძრავ ქონების რეალიზატორებმა დაინახეს მზარდი მოთხოვნა, გაძვირდა ბინების ღირებულება და მთლიანად მოერგო იმ სიტუაციას, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა. ბათუმის ცენტრში ბინის ღირებულება თითქმის იგივეა, რაც მაგალითად ანკარის ან სტამბულის პერიფერიებში", - განაცხადა პაატა აროშიძემ.
წყარო: რეზონანსი