„წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე $10 000-ს უნდა გადასცდეს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი სერიოზულად განიხილებოდეს.
„გუშინ გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,6 პროცენტით გაიზარდა. ამ ტემპით, წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4250 დოლარი იყო.
ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა, რაც საქართველოს მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საქართველოს ყველა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად - მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ საქართველოს სიმტკიცის გასამყარებლად, ასევე, თუნდაც, ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.
საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10 ათას დოლარს მაინც უნდა გადასცდეს, რომ მის ევროინტეგრაციაზე სერიოზულად დაიწყოს საუბარი. არსებული ტემპების გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელს საქართველო უკვე 2025 წელს გადააბიჯებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.