ინფლაცია ნელ-ნელა იზრდება და მალე მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბებს. ამას უკვე აღარც ეროვნულ ბანკში მალავენ და აცხადებენ, რომ ფასების ინდექსი წლის მეორე ნახევარში 3%-ზე მეტი იქნება. გამომდინარე აქედან, დიდი ალბათობით, მონეტარული პოლიტიკა მთელი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება.
საქართველოს ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის დონე მიზნობრივს დროებით გადააჭარბებს, თუმცა წლის ჭრილში მაინც 3%-ის მიდამოში შენარჩუნდება.
"2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფასების საერთო დონე წლიურად 2.4%-ით გაიზარდა, საბაზო ინფლაცია კი 2%-ს გაუტოლდა. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რომლის ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინს, მიზნობრივ დონესთან ნარჩუნდება და თებერვალში 3%-ს შეადგენს. წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე რისკის რეალიზებამ განაპირობა. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულის მზარდი ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა და წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირედით გაზარდა. მეორე მხრივ, ინფლაციის ზომიერი ზრდა ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენცია ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზის ცენტრალური სცენარის დაშვებებთან მეტწილად თანხვედრაშია. საერთაშორისო ბაზრებიდან გაზრდილი წნეხის ფონზე, ინფლაცია ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2025 წლის პირველ ნახევარში მასთან ახლოს იქნება. შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება, თუმცა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება ეკონომიკური აქტივობა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 8% იქნება.
ინფლაციის ზრდის მოლოდინია 'თიბისი კაპიტალშიც”. როგორც ანალიტიკოსმა და მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა, ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს მცირედით მართლაც გადააჭარბებს.
"ინფლაციის ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის საბაზო ეფექტი და სხვა ბევრი საკითხი. რაც შეეხება პროგნოზს, ჩვენც ანალოგიური გვაქვს, რომ ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება და მცირედით გადააჭარბებს.
რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ასეთი პროგნოზი გვაქვს, რომ დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნდება, რაც დღესაა, ანუ 8%-ზე. ინფლაციის ზრდა არ არის მონეტარული პოლიტიკის ერთადერთი არგუმენტი, არამედ მას სხვა გარემოებებიც განაპირობებს, მათ შორის, მაგალითად, ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა განაკვეთია აშშ-ში. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ საქართველოში მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალური განაკვეთი არის დაახლოებით 7%-თან ახლოს და სიტყვაზე, აშშ-ში არ იქნება ნეიტრალური განაკვეთი, მაშინ, ჩვენც გაგვიჭირდება ამ ნიშნულზე ჩამოსვლა. ეს ასეა ყველა ქვეყანაში”, - ამბობს ოთარ ნადარაია.
ბოლო რამდენიმე თვეა ინფლაცია იზრდება, თუმცა მანმადე არსებული ტენდენცია საკმაოდ დადებითი იყო. მისი მაჩვენებელი ახლა მიზნობრივზე დაბალია, მაგრამ ყველა ადასტურებს, რომ მოსალოდნელია მატება. რისკზე და მიზეზებზე ისაუბრა ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ და მანაც ხაზი გაუსვა, რომ ასეთ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა მონეტარული პოლიტიკის შერბილება.
"ხაზს გავუსვამ ერთ მომენტს, რის გამოც ინფლაცია იზრდება. ეს არის ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ მთავრობა ზრდის ფულის მასას. პროცესი შემდეგნაირია - გვაქვს საგარეო და შიდა ვალი. მთავრობამ დაგეგმა ბიუჯეტი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდება და კიდევ ახალი მიზნობრიობა წარმოექმნება ხელისუფლებას, ამიტომ იღებს ვალს (საგარეო ან შიდა). პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ახალი საგარეო ვალის აღების შესაძლებლობა მინიმუმადეა შემცირებული, განსაკუთრებით კი დასავლეთიდან, ორგანიზაციები იქნება თუ ქვეყნები. რჩება შიდა ვალი. მისი აღება ხდება შემდეგნაირად - ფინანსთა სამინისტრო უშვებს ფასიან ქაღალდებს, ობლიგაციებს და სავალუტო ბაზარზე გააქვს, სადაც, ძირითადად, აქტიურობენ ბანკები, რომლებიც იძენენ ამ ობლიგაციებს. მიღებული თანხით ბიუჯეტის შევსება ხდება, ბანკებს კი უჩნდებათ ლიკვიდობის პრობლემა.
ბანკები ობლიგაციების პროცენტიდან შემოსავალს კი იღებენ, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში ექმნებათ ლიკვიდობის პრობლემა. ამ პერიოდში კი, როდესაც მომხმარებელი მივა და მოითხოვს ახალ სესხს, პირობითად 100 ათასი და ბანკს არ გააჩნია, რადგან ფული მიმართულია ობლიგაციების შესყიდვისთვის. იგი იღებს რეფინანსირების სესხს სებ-ისგან და 100 ათას ლარს აძლევს მომხმარებელს, რომელიც აქამდე არ არსებობდა ეკონომიკაში. ასე ხდება ფულის მასის ზრდა, რაც იწვევს ინფლაციურ წნეხს, რადგან, როდესაც უფრო მეტი ფული ჩნდება ბაზარზე, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება, სტიმულირდება ინფლაცია და ლარის გაუფასურების რისკიც მატულობს.
ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელის გარკვეულ მუხლებში უკვე არის შემცირება და შესაძლებელია, რომ წლის განმავლობაშუ უფრო ნაკლები შევიდეს ბიუჯეტში გადასახადებიდან, ვიდრე იყო დაგეგმილი. ამის შესაბამისად, უფრო მეტს ისესხებს მთავრობა, რაც გამოიწვევს დამატებით წნეხს და ფულის მასის გაზრდას, რაც ინფლაციაზე იმოქმედებს. ამიტომ გაჩნდა მოლოდინი, რომ ინფლაცისმ მიზნობრივ მაჩვენებელსაც გადააჭარბოს”, - ამბობს ირაკლი მაკალათია.
წყარო: რეზონანსი