2022 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან აპრილამდე, არასეზონურ პერიოდში, საქართველოში 11 000 ტონაზე მეტი კიტრი და 17 000 ტონა პომიდორი იქნა იმპორტირებული. თითქმის, მთელი იმპორტი თურქეთიდან განხორციელდა. წინა წლებთან შედარებით, კიტრის იმპორტი 44%-ით, ხოლო პომიდვრის 60%-ით გაიზარდა, ამის შესახებ EastFruit-ი წერს.

პორტალი წერს, რომ იმპორტის ზრდას ექსპერტები ადგილობრივი მარტივი კონსტრუქციის პოლიეთილენის სათბურებსა და სასათბურე მეურნეობების პრობლემებს უკავშირებენ.

დასავლეთ საქართველოში, სადაც ეს მოდელი არასეზონზე მომგებიანად ითვლებოდა, სათბურის თითქმის ყველა მფლობელი აცხადებს, რომ წარმოების მოცულობა შემცირდა და კიტრი-პომიდვრის ამ გზით მოყვანა გაძვირდა. ფერმერები მიზეზად მცენარეთა მოვლისა და ნედლეულის უფრო მაღალ ხარჯებს ასახელებენ, ხოლო გაზრდილი ხარჯები ბიზნესიდან მათ გასვლას იწვევს.

EastFruit წერს, რომ ფერმერები მოგების მისაღებად პომიდვრიდან და კიტრიდან სრულიად განსხვავებულ პროდუქტზე, მოცვის მოყვანაზე გადადიან. საქართველოში მოცვის სეზონი მაისის ბოლოს იწყება. ამიტომ ამ პროდუქტზე არასეზონური ფასები საკმაოდ მაღალია. კერძოდ, კილოგრამ მოცვის ფასი 50 ლარს (19 დოლარს) აღწევს. ქართულ ბაზარზე ღია გრუნტზე მოყვანილი ბოსტნეულის მიწოდება მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, ივლისიდან სექტემბრამდე დომინირებს. ოქტომბერი ერთგვარი გარდამავალი პერიოდია, შემდეგ კი ბაზარი ადგილობრივი სათბურების, პოლიეთილენის სათბურებისა და თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას უკავია.