ევროპის, კავკასიისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნის TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმა სამდივნომ პარტნიორებთან ერთად საუკეთესო სავაჭრო მარშრუტების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებაზე იმსჯელა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

TRACECA-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილული იქნა  შეფერხებების შემცირებისა და სატრანზიტო პროცედურების გაუმჯობესების მიზნით საბაჟო პროცედურების და საზღვრის გადაკვეთის ჰარმონიზაციის, ასევე ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის საკითხები.

სიტყვით გამოსვლისას PS IGC-ის გენერალურმა მდივანმა ასეტ ასავბაევმა აღნიშნა, რომ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარება, დერეფნის დიჯიტალიზაცია და საზღვაო ტრანსპორტის ეფექტურობის გაზრდა.

„მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებისთვის ეფექტიანია როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში პირდაპირი საინვესტიციო ღონისძიებები, ისე ყოვლისმომცველი ღონისძიებები, რომლებიც ტრანსპორტის ღირებულების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეა მიმართული. TRACECA-ს ფარგლებში ჩვენ მულტიმოდალური ტრანსპორტის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის საკითხებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ორგანიზაციის სამდივნო რეგიონში კიდევ უფრო დიდი და ეფექტიანი კავშირის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს“, - აღნიშნა ასავბაევმა.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ღონისძიების შედეგების შესაბამისად, მოსალოდნელია ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას და რეკომენდაციებს შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ტრანსპორტის ყველა სახეობას, ასევე მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას და პრიორიტეტულ ქმედებებს.

აღსანიშნავია, რომ 27-28 ივლისს თბილისში გაიმართა ღონისძიება ტრანსკასპიური სავაჭრო გზის მულტიმოდალური ტრანსპორტირების მონაწილეებს შორის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და მისი გამოყენებისა და გაფართოების შესაბამისი მულტიმოდალური სცენარების გამოვლენის მიზნით.