თერჯოლის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში 224 მგვტ სიმძლავრის „გოგნის ქარის ელექტროსადგურის”, 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის და 220 კვ. ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება.

მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკოპინგის დასკვნა უკვე გასცა.

გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ პროექტის განხორცეიელებას „გოგნის ქარის კომპანია” უზრუნველყოფს.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია დაახლოებით 224 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 28 ქარის ტურბინა-გენერატორს. თითოეული ტურბინა გენერატორის დადგმულ სიმძლავრედ მაქსიმუმ 8 მგვტ.-ია მიღებული.

დოკუმენტაციის თანახმად, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას შორის უნდა მოხდეს. ელექტროსადგური მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელს 220 კვ.-იანი მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს, რომლის საბოლოო წერტილსაც ზესტაფონის 500 კვ-იანი ქვესადგური - „ზესტაფონი 500“ წარმოადგენს.

„28 ერთეული ტურბინა გენერატორი გოგნსა და მუხურას შორის მდებარე მთის ქედზე განთავსდება. თუმცა, დასკვნის მიხედვით, ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით, განიხილება ტურბინა-გენერატორების რაოდენობის შემცირებაც შემდგომი პერიოდისთვის,“ - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.

პროქტის განხორციელებისათვის, „გოგნის ქარის კომპანიას“ გამოეყო ტერიტორია, რომლის ფართობიც დაახლოებით 2500 ჰექტარს შეადგენს, პერიმეტრი კი 27 კმ-ს აღემატება.

bpn.ge