„ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე მზის ელექტროსადგურების კლდეებზე მშენებლობაა შესაძლებელი“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში 4-5 ივლისს გამართულ ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმზე ყველაზე აქტიური მზის მიმართულება იყო.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ჯერჯერობით ერთი მზის მოტივტივე ელექტროსადგური, რომელიც 216 კილოვატ ელექტროენერგიას აგენერირებს. დღის წესრიგში გვაქვს მეორე მოტივტივე ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ მალე ჩაერთვება ქსელში და დააგენერირებს ელექტროენერგიას. რაც შეეხება ახალ აპროექტებს, CFD აუქციონი მეორე დასრულებულია, გამარჯვებულები გამოვლენილია და რამდენიმე გამარჯვებულ კომპანიას აქვს ზუსტად ამ ტიპის პროექტი. მართალია მცირე, მაგრამ გააჩნიათ მზის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბიცია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ ამ დროს ჩვენ არა ერთ წარმატებულ პროექტზე ვისაუბრებთ უკვე ხელშესახები შედეგით“, - აცხადებს მაია მელიქიძე.