რეგიონებში, წინა პერიოდებთან შედარებით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა დაინტერესება კვლავ სტაბილურია როგორც უცხოელების, ასევე ადგილობრივების მხრიდან - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.
როგორც მებაღიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და არასტაბილური გარემო უძრავი ქონების მოთხოვნაზეც აისახება.
„რეგიონებში იკლო მოთხოვნამ უძრავ ქონებაზე წინა პერიოდთან შედარებით, მაგრამ საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ გვაქვს. ის სიტუაცია, რაც ხდება დღეს თბილისის ქუჩებში, გინდა არ გინდა, აფერხებს ჩვენს საქმიანობას“, - აღნიშნავს მებაღიშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაინტერესებული არიან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით. მაგალითად, ბათუმში უძრავ ქონებას ძირითადად ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან წინა პერიოდებში არსებული გაყიდვების ბუმი შემცირდა, ისრაელის მხრიდან კი გაიზარდა.
მებაღიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ბათუმში ძირითადად 2 ქვეყანა დომინირებს, თელავის შემთხვევაში დაინტერესებული მხარეები შერეულად არიან. მისი თქმით, ღვინისა და ყურძნის სამშობლოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული არიან ევროპის ქვეყნების მოქალაქეები.
„თელავის მიმართულებით ნაკლებად არის გამოხატული კონკრეტული ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა. აქ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ტრანზაქციები შერეულია. ევროპიდან არიან დამკვეთები, რომლებსაც აინტერესებთ თელავის ბაზარი.
კახეთი არის ღვინისა და ყურძნის სამშობლო - აქედან გამომდინარე, დიდია რეგიონის მიმართ ევროპული ინტერესები და სასიხარულოა ეს ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
თელავში კონკრეტულად ორი ქვეყანა (რუსეთი და ისრაელი) არ ლიდერობს და შერეულად არიან ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით“, - დასძინა მებაღიშვილმა.
ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებიც აქტიურად არიან ჩართულები კახეთში უძრავი ქონების შეძენით. ისინი კერძო სახლებს მუდმივ საცხოვრებლად ან სააგარაკედ ყიდულობენ.
„თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სააგარაკედ და საცხოვრებლად. თელავის და საგარეჯოს მიმართულებით ყიდულობენ კერძო სახლებს და იყენებენ ამას როგორც სააგარაკედ, ისე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად - ძალიან დიდი ცვლილება მოხდა ამ მიმართულებით, ხშირად ფიქსირდება ტრანზაქციები“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.