ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტი-თბილისი-შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია შიმკენტსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, შიმკენტი არის მესამე ყაზახური მიმართულება, რომელი ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.

,,დღეიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - შიმკენტი დაემატა. ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის ეს უკვე მესამე პირდაპირი მიმართულებაა, რომელიც ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სრულდება,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

რაც შეეხება მგზავრთნაკადს ყაზახეთიდან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად მზარდია.

,,გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 %-იანი მატება გვაქვს.  წელს, 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ყველა აეროპორტში 300 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ დადებითი დინამიკა კვლავ შენარჩუნდება და მომავალ წელს ყაზახეთიდან კიდევ უფრო მზარდი მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები გვექნება,-‘’ განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პირველი რეისით შიმკენტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით, 166-მა მგზავრმა ისარგებლა. პირველ ფრენასთან დაკავშირებით გამართულ საინაუგურაციო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შუა დერეფნისთვის ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკური კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შიმკენტი არის მეხუთე ყაზახური მიმართულება, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines დაფრინავს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan  ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს