თბილისის ბევრ უბანში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მდებარეობა აქვთ, ამ ადგილებში ცხოვრება შეუძლებელია იმის გამო, რომ ბუნებრივი განიავება არ აქვთ ბინებს, მზის შუქი არასდროს შემოვა იმ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ფარავენ - ამის შესახებ სამშენებლო-საინჟინრო ჰოლდინგ "იმპოსტის" მმართველმა პარტნიორმა ლევან ახვლედიანმა " პალიტრანიუსის" გადაცემში „შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ადამიანების შემოსვლა, ფრანგი იქნება თუ ინდოელი, ნორმალურია, რადგან ისინიც ისეთივე ემიგრანტები არიან, როგორც ქართველები, რომლებიც ევროპაში არიან. ლევან ახვლედიანი ფიქრობს, რომ ამის რეგულაცია უფრო მისაღებია, ვიდრე შეზღუდვა.
გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
მინდა პირველი კითხვა დაგისვა "იმპოსტზე". ძალიან საინტერესო კომპანიაა და მინდა უამბო ჩვენს მაყურებელს ამ კომპანიის საქმიანობის და მისი კონტრიბუციის შესახებ...
"იმპოსტი" ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა. 2009 წლის შემდეგ ბაზარიც ძალიან დინამიური გახდა, განსაკუთრებით სამოქალაქო მშენებლობების დარგში. ბევრი საინტერესო ცვლილება მოხდა როგორც დარგობრივი თვალსაზრისით, ასევე შემოვიდა საინჟინრო საჭიროებები, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანას დაუდგა მომენტი, როდესაც უსაფრთხოების ნორმები პირდაპირ განსაზღვრავდა უძრავი ქონების ფასებს. შესაბამისად, 2020 წლიდან ჩვენი კომპანიის სამშენებლო მიმართულებას დაემატა საინჟინრო მიმართულებაც. დღეს უკვე ვაერთიანებთ ჰოლდინგური ტიპის ორგანიზაციას. ოფისში დასაქმებული გვყავს ასამდე ადამიანი, სამშენებლო მოედანზე - 500-ზე მეტი. დღეს 15 -ზე მეტი მიმდინარე პროექტი გვაქვს საქართველოს მასშტაბით. ვსაქმიანობთ როგორც თბილისში, ბათუმში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაღალმთიანშიც კი და მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავარი კონტრიბუციაც ეს არის - ვაკეთებთ საქმეს იქ, სადაც სხვას უჭირს გაკეთება. ვაშენებთ აბასთუმანს და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია.
შენ პრიზმაში, რა გამოწვევები გვაქვს სექტორში? რა არის ნაკლოვანებები და როგორია განვითარების გეომეტრიული შკალა?
მშენებლობა გარანტირებულად ტოპ-3 უძველეს პროფესიებშია. ადამიანს მუდმივად სჭირდებოდა თავშესაფარი. საქართველოს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ოცი წლის წინაც მნიშვნელოვანი იყო საბანკო კონტრიბუცია, თუმცა გაცილებით უფრო იაფი ჯდებოდა მაშინ ეს ყველაფერი და ბანკებთან კოლაბორაცია იმდენად საჭირო არ იყო. ამიტომ იყო, რომ ბევრი მშენებლობა მიმდინარეობდა არაპროფესიონალების მხრიდან, რამაც საკმაოდ დააზარალა და გააფუჭა ქართული სამშენებლო სექტორის ვიზუალი. არ ვიცი გემოვნების ბრალი იყო თუ უბრალოდ უნდოდათ ბევრი ფული ეშოვათ, თბილისის გარკვეული უბნები აქციეს საცხოვრებლად უვარგის უბნებად. ბევრი უბანი შემიძლია დაგისახელო ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მდებარეობა აქვთ, არ ცხოვრება შეუძლებელია იმის გამო, რომ ბუნებრივი განიავება არ აქვთ ამ ბინებს, მზის შუქი აღარასდროს შემოვა იმ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ფარავენ. ასევე არასათანადო რაოდენობის პარკინგებია გაკეთებული თავის დროზე და ა.შ.
დღეს რა ხდება? ინდუსტრიამ გაჯანსაღება თვითონაც დაიწყო. ბევრი არაკეთილსინდისიერი მოთამაშე ბაზრიდან გავიდა, ამ კონკურენციას ვეღარ გაუძლო და დარჩნენ ისინი, ვინც ევოლუციური გზით უფრო ძლიერები გახდნენ და ბუნებრივია, ამ ტრენდმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ბევრი ქართული დეველოპერული კომპანია აკეთებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც საერთაშორისო ინვესტირებისთვისაც საინტერესო გახდა. დარგი ვითარდება და მოთამაშეებმა, რომლებმაც სწორი აქცენტები გააკეთეს, შეძლეს, რომ ძალიან კარგი პროექტები განეხორციელებინათ. ეს მშენებლობები გულს უხარია, გრძნობ, რომ ეს სახლები ფუნდამენტურად განსხვავდება იმ სახლებისგან, რომლებიც 10-15 წლის წინ შენდებოდა.
ბოლო პერიოდში მშენებლობის ფასები ძალიან დიდ ევოლუციას განიცდის გაძვირებისკენ. ეს ლოგიკურიცაა და ვფიქრობ, რომ როგორც ქვეყანა უნდა გავძვირდეთ. მაინტერესებს რატომ არ გვაქვს ქვეყანაში სამეწარმეო ჯაჭვი? რატომ გვიჭირს თუნდაც ენერგოეფექტური ბლოკების წარმოება?
ქვეყნის მასშტაბი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიო იმპორტირებული ნედლეულით დამზადებული მასალის ღირებულებით იმ პროდუქციას, რომელიც იქიდან შემოდის. საბოლოო პროდუქტის შექმნისთვის ნედლეული გვჭირდება და ნედლეულიც არ გვაქვს სათანადო რაოდენობით. როგორ აწარმოებ ალუმინის კარ- ფანჯრებს თუ ალუმინი არ გექნება?! ბევრი მცდელობა იყო სახელმწიფოს მხრიდანაც, ბევრი გრანტი იყო გამოყოფილი, რომელიც ეხმარება დარგის განვითარებას, ამით უფრო მეტ დახმარებას ნახულობენ ის კომპანიები, რომელთაც უფრო მეტი კაპიტალი აქვთ და მისი გამრავლება შეუძლია ამ დახმარებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სასტარტო ეტაპზე არიან. რაც შეეხება შენს კითხვას, არიან ქართული კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს სახანძრო კარების წარმოება.
შრომითი ბაზრის კომპონენტი და ადამიანური რესურსი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს. ვკარგავთ და ვკარგავთ პროფესიონალ კადრებს. ამ ორი ძალიან სენსიტიური საკითხის კორელაცია რა გავლენას ახდენს შენს დარგზე?
ზოგადად, ემიგრაციამ ძალიან უარყოფითად იმუშავა იმ ჭრილში, რომ დაგვაკლდა ადამიანები. მიგრაციის ეფექტი ქართული ხომ არ არის, ეს გლობალური ტრენდია. ადამიანები, ვისაც უნდა წასვლა საცხოვრებლად, სასწავლებლად, ამ ბიზნესის საკეთებლად, ამას ვერ დაიჭერ. რომც არ შემოგეტანა რეგულაციები, ადამიანები ვისაც წასვლა უნდათ, მაინც წავიდოდნენ.
მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც საქართველოში დადგა 90-იან წლებში. 1991 წლიდან 2005 წლამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა ორჯერ ნაკლები იყო. ეს ნიშნავს, რომ 20 წლის ბავშვები, რომლებიც დღეს შრომით ბაზარზე უნდა იყვნენ, არ დაბადებულან. აქედან გამომდინარე, ადამიანების შემოსვლა ქვეყანაში ნორმალურია, თუ ეს ადამიანები ნორმალურები არიან. ქართველი, რომელიც ევროპაშია, ისიც ემიგრანტია და იგივე ემიგრანტია საქართველოში რომ შემოდის უკრაინელი იქნება, ფრანგი თუ იგივე ინდოელი, რომელსაც უკეთესი ცხოვრების ძიებისთვის ახალი ბაზრის მოძიება უნდა. ამის რეგულაცია უფრო სწორი ამბავია, ვიდრე ამის შეზღუდვა. რეგულაციის მეშვეობით, შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი მომავალი მოქალაქეები.
ჩვენ ხშირად ვაკეთებთ " ქართულის" რომანტიზებას. დავაგროვეთ თუ არა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც თამამად უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს?
მადლობა საინტერესო კითხვისთვის. მინდა უახლესი მოვლენით შევაფასო შენი შეკითხვა. " სილქ როუდ ჯგუფმა" 400 მილიონიანი ბონდები გამოუშვა. როგორ არ არის ქართული კომპანიები წარმატებული?! როგორ არ არის ცალკეულად და კრებსითად იმისთვის მზად, რომ მნიშვნელოვანი პროექტები გააკეთონ. " თეგეტა ჰოლდინგმა" მოახერხა, რომ კავკასიის საუკეთესო კომპანიაა ავტოინდუსტრიაში, მულტიფუნქციური თვალსაზრისით რომ შევხედოთ. შევხედოთ რას აკეთებს „ავერსი" , უამრავი ქართული კომპანიის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს არის კარგი მაგალითი იმ გადარჩენილი და გაძლიერებული ბიზნესების, რომლებიც 30 წელი მოდიოდნენ ბაზარზე. მათ ისწავლეს არამარტო ლოკალურ ბაზარზე, არამედ უცხოური პრაქტიკებით. მათ ჰყავდათ საერთაშორისო მენეჯერები, გადიოდნენ სწავლებებს, მათ თანამშრომლებმა გაიარეს აკრედიტაციები, კვალიფიკაციები, უამრავი რამ მოხდა ამ 30 წელში, რამაც ეს კომპანიები აქცია საყრდენ ეკონომიკურ ძალად, რომელიც ჩვენს ქვეყანას უდგას.
მე ძალიან მიყვარს წარმატებულ კომპანიებზე საუბარი, ვინც აღწევს მიზანს და ვინც ვერ აღწევს, ცდილობდა და მერე თავიდან იწყებს რაღაცის კეთებას, იმათ კიდევ უფრო მეტად ვაფასებ. ბოლოს მაინც გამოუვათ, რადგან მათ მინიმუმ ცოდნა მაინც დააგროვეს. პატარა კომპანიებს უფრო უჭირთ დღეს, რადგან კაპიტალთან წვდომა არ აქვთ, კაპიტალთან ხელმისაწვდომობა უკეთესი იქნებოდა რომ გვქონდეს, საბანკო ინსტიტუციის მიღმა რაღაცები, ალტერნატივები, რომლებსაც გამოვიყენებდით. დიდი კომპანიებისთვის ეს ხელმისაწვდომია. დადგება დრო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის სხვა ინსტრუმენტები გამოჩნდება, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მათი "აწევის" თვალსაზრისით.
ბიზნესში განათლებას რა მნიშვნელობა აქვს, შენი აზრით? მე ცოტა მომბეზრდა სახელმწიფო კონტრიბუციები, თავის დროზე კარგი იყო, მაგრამ დღეს "ჯიტა" ისევ სტარტაპების დაფინანსებით არ უნდა იყოს დაკავებული. დიდი ხანი გავიდა და რით ვერ ვისწავლეთ ლავირება, მე მაგალითად ამ ნაწილში სახელმწიფო კონტრიბუციას საერთოდ გამოვრიცხავდი…
არავის ეწყინება მსგავსი მსჯელობა, რადგან ეს ადამიანებიც ამ კრიტიკული აზრების არსებობის შემთხვევაში ვითარდებიან .ერთ რამეში მოგყვები, რომ ეს ტექნოლოგიები, გამჭვირვალობაა, სტაბილურობა - ეს ყველაფერი გჭირდება იმისთვის, რომ შენი კომპანია საინტერესო გახდეს, თუმცა ბოლოს მაინც ადამიანურ რესურსზე დავდივართ. შეიძლება არ იცოდეს ბუღალტერიის წარმოება და აგყავს ბუღალტერი, არ იცოდე რაღაცების კეთება და პოულობ დარგის სპეციალისტებს. ბიზნესის მართვა არის პროფესია, რომელიც დასავლურ ინსტიტუტებში ისწავლება და ასობით დოლარის გადახდა გიწევს. დღეს საშუალოდ გამსხვილებული კომპანიები აღარ ზოგავენ ფულს ტოპ მენეჯერებში. ეს ნათლად ჩანს სტატისტიკებში, თუ რამდენად გაიზარდა მაღალანაზღაურებადი ადამიანების წილი. ვინ არის ეს ადამიანები? მათ ბევრი დრო დახარჯეს, რომ ესწავლათ ის დისციპლინა, რასაც აკეთებენ. იმისთვის, რომ კომპანია გადაიქცეს კორპორაციად, სჭირდება მცოდნე მმართველები.
მთავარი გამოწვევაა დღეს, არიან თუ არა მზად მფლობელები, რომ თუნდაც თავის შვილებს გადააბარონ, თავისი თანამონაწილეობის გარეშე ეს კომპანიები და მისცენ უფლება, მათაც თავისი საკეთებელი აკეთონ. შეცდომებს, რა თქმა უნდა, დაუშვებენ, მაგრამ თუ არ ხარ მზად ესტაფეტა გადასცე მას, ვინც შენგან განსხვავებულად მართავს, შენ რაღაც მომენტში საერთოდ აღარ იარსებებ, როგორც აღარ არსებობენ, მაგალითად, უბნის მარკეტები, რომლებიც ათასობით იყო, დღეს რა არსებობს მათ მაგივრად? - სისტემა. მიდიხარ და ნიშანს ყიდულობ, რომ შენს სუპერმარკეტს გაუკეთო ნიშანი, რომ საერთაშორისო თამაშის მონაწილე გახდე. გეუბნებიან რა ფასში გაყიდო, გამოთვლები როგორია და ა.შ. არსებობს სისტემები, რომლის დანერგვა მცირე და საშუალო ბიზნესები აუცილებელია და ამ სისტემების გარეშე ამ ბიზნესების განვითარება შეუძლებელია. იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები ვაქციოთ დიდ ქართულ ბიზნესებად, საჭიროა ადამიანების ტრენინგი, მათ ცოდნაში და განვითარებაში ფულის ჩადება, თუ არ არსებობენ ეს ადამიანები, მაშინ მათი საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა, რატომაა ცუდი? უამრავი რამ გვისწავლია საერთაშორისო პლატფორმებიდან. ყველაზე დიდი კონკურენცია მაინც ადამიანურ კაპიტალზეა. კარგი იქნება, იმ დარგებში, სადაც ცოდნა არ გვაქვს, დავიხმაროთ პროფესიონალები და ვისწავლოთ.