კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის მონახაზი მზად არის და განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ მან  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა სურსათის ფასებთან მიმართებით, ევროდირექტივის საფუძველზე შეიქმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომელმაც უნდა დაარეგულიროს რითეილ-ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის ურთიერთობები. ანალიზის და მუშაობის დროს გამოიკვეთა, რომ არის რიგი ხელის შემშლელი პირობები, ხარჯები, რაც ფასნამატებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ კანონპროექტის მიზანია, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი და ურთიერთობის ხელის შემშლელი ხარჯების განეიტრალება უზრუნველყოს.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კანონპროექტის დრაფტი მზადაა და ალბათ მისი განხილვები ძალიან მალე დაიწყება. ის ეფუძნება ევროდირექტივას და ეს ეხება რითეილ ქსელებს, ზოგ შემთხვევაში კი ადგილობრივი წარმოებების ან ძირითადი პროდუქტების მიწოდებისას წარმოქმნილი საკითხების დარეგულირებას. ეს არის მარკეტინგული საკითხები, თანხის დაგვიანებაზე საკითხები იქნება გათვალისწინებული, ასევე, ისეთი პირობების ჩადება ხელშეკრულებაში, რომელიც მიმწოდებელს ავალდებულებს, რომ ვინმეზე დაბალი ფასი სხვაგან არ ჰქონდეს და ა.შ. ეს პირობები ჩვენი აზრით არის პრობლემური და კანონპროექტმა ასეთი საკითხების დარეგულირება უნდა უზრუნველყოს,“ - განაცხადა ლექვინაძემ.