ეკონომისტებს უჭირთ იმ მიზეზების დასახელება, რამაც იანვარში ეკონომიკური ზრდის 11,1%-იანი მაჩვენებელი განაპირობა. ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა, რისთვისაც საჭიროა დამატებითი მონაცემების გამოქვეყნება. ის აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი ინვესტიციების ნაწილში უნდა ასახულიყო, რადგან მოხმარების ამ მასშტაბით გაზრდა შეუძლებელია.

,,რამ მოახდინა გავლენა, გამოქვეყნებული ინფორმაცია ჯერჯერობით მაძლევს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც სურათიდან ამოვარდნილია ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი. ვინაიდან ეს მაჩვენებელი უნდა აისახოს ინვესტიციების ნაწილზე. ვინაიდან შეუძლებელია მოხმარება გაზრდილიყო ამ სიდიდით. ექსპორტში ვხედავთ, რომ არ არის მნიშვნელოვანი ცვლილება და არც სახელმწიფო დანახარჯებში. ამიტომ, დიდი ალბათობით უნდა იყოს ეს ინვესტიციებში. ინვესტიციებში უძრავი ქონების დინამიკა არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს სურათი დავინახოთ. გარდა ამისა, ვიცით რომ ტურიზმის სექტორში მწვავე პრობლემებია. ამდენად, პროფესიულ და სამეცნიერო ტექნიკურ ნაწილში ამხელა ზრდა და დღგ-ს ბრუნვის ამხელა ზრდა რამ გამოიწვია, რა იყო მამოძრავებელი ფაქტორი? მით უფრო, ეს ზრდის ტემპი უნდა დავინახოთ ინვესტიციების ჭრილში უფრო მეტად, ვიდრე სხვა კომპონენტებში, საერთო სურათიდან ამოვარდნილ სცენარს ჰგავს და ამიტომ თუ დამატებითი ინფორმაცია არ გამოქვეყნდა, (ვთქვათ კვარტალური მონაცემები და მეტი მონაცემები, რომ მოხდეს ჯვარედინი შედარებები და სხვა ტიპის ანალიზი) მანამდე ვერაფერს ვიტყვი ამ ფაქტზე. ვერ ვსვამ მთლიან სურათში, რატომ უნდა მომხდარიყო ეს.’’- აცხადებს აკაკი ცომაია.

ეკონომისტს ვკითხეთ, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ქვეყანაში ძვირად ღირებული ნახატების შემოტანას? აკაკი ცომაია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში აქტივები შემოვიდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. თუმცა ამას საქსტატი უარყოფს.

,,რაც შეეხება ნახატების შემოტანას, ეს პრინციპში არის საქონელი, რომელიც შემოვიდა და არ გაყიდულა, სადღაც განთავსდა. იმას ხომ სპეციალური საცავები სჭირდება, რომ შენახული იყოს და ამისთვის იქნებ შესაბამისი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილიყო. აქ ბევრი ვარიაციაა. შეიძლება იყოს აქტივის გადმოტანის პროცენტი. ანუ უცხოური პირდაპირი ინვესტიცია და როგორც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ჭრილში დაფიქსირდა, მაგრამ საქსტატი ამას კატეგორიულად უარყოფს. ამ მხრივ, ფაქტობრივ სურათს ცდება ეს მაჩვენებელი.’’- აცხადებს აკაკი ცომაია.