სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები საქართველოს ხელისუფლების პირობებში დაახლოებით ათჯერ გაიზარდა — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა ერთ-ერთ გადაცემაში.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროდ ითვლება, ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა წარმოებაც — კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია.

პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზეც და აღნიშნულ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

„რაც შეეხება იმპორტდამოკიდებულებას, ძალიან ბევრი რამ კეთდება. ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნისთვის და მცირე მიწიანი ქვეყნისთვის, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ინვესტიციები იდება. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამან შედეგად მოგვცა რა, რომ საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, გაორმაგებულია ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება.

ურთულესი ამოცანა იყო, რომ არა ასეთი ინვესტიციები, ეს ვერ იქნებოდა მიღწეული. სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბოლოო ჯამში არის ბევრად იაფი, ვიდრე ანალოგიური პროდუქცია, რომელიც მაგალითად საფრანგეთში იყიდება. ეს არის ზუსტად იმ საბიუჯეტო ინტერვენციის შედეგი, რომელიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში ხორციელდება და გაათმაგებულია სახელმწიფო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სფეროში. არის უამრავი კონკრეტული პროგრამა, მათ შორის სესხების სუბსიდირება და ა.შ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრ რამეს აკეთებს სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.