თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით 2023 წლის 30-31 მაისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიხსნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების ახალ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.

„შემიძლია ამაყად ვთქვათ, რომ დღეს, ჩვენს დედაქალაქში, ურბანული განვითარების პროექტების განხორციელების ტემპი აღნიშვნის ღირსია.

ჩვენ, სკრუპულოზურად ვუდგებით ქალაქის თითოეული უბნის კეთილმოწყობას და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ. ვაცოცხლებთ ძველს და ვქმნით ახალს. სიღრმისეულად ვიაზრებთ ყველა არსებული გამოწვევის არსს, რომელიც საჭიროებს მრავალმხრივი მიდგომების ჩამოყალიბებას და სწორი აქცენტების დასმას. ეს კი დაუღალავი შრომით და ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფის სრული ჩართულობით მიიღწევა. ჩვენს მთავარ ორიენტირს ჩვენი მოქალაქეები წარმოადგენენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP საქართველო, M4EG), ევროკავშირი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), დანიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო. ასევე კომპანიები: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქალაქური“, „სარაჯიშვილი“.