ექსპორტის განვითარების ასოციაციამ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით ჩაატარა კვლევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის შესახებ.
პროექტის ფარგლებში პირდაპირი დიალოგები შედგა სხვადასხვა მხარეებთან, როგორიცაა ექსპორტიორები, სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლები, დონორი ორგანიზაციები, სავაჭრო ასოციაციები და სამთავრობო სააგენტოები.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც აფერხებენ აგრობიზნესის წარმომადგენლებს იყვნენ მეტად კონკურენტუნარიანები განვითარებულ ბაზრებზე.
როგორია ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი, ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრმა გვანცა მელაძემ ისაუბრა.
გვანცა მელაძის თქმით, დღევანდელი მონაცემების საფუძველზე ჩანს, რომ ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ შემცირებულია.
„ლოგისტიკის კონკურენტუნარიანობის მსოფლიო ინდექსით, საქართველო ამ ეტაპზე იკავებს 79-ე ადგილს 130 ქვეყანას შორის, რაც არ არის კონკურენტუნარიანობის განმაპირობებელი ფაქტორი ჩვენი ექსპორტიორებისთვის. სურსათის ექსპორტიორებმა პრობლემების პირველ ადგილზე დაასახელეს გაძვირებული ტრანსპორტირება, აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ გაზრდილია ტრანსპორტირების დრო და მალფუჭებადი პროდუქციისთვის ეს არის კრიტიკული. ასევე ინფრასტრუქტურის შეუსაბამობა იმ მიმართულებით სადაც არის ქართული პროდუქციისთვის სტაბილური ბაზარი. ზოგადად, კვლევის ძირითადი მიგნება იყო ის, რომ იქ სადაც ქართულ პროდუქციას შეიძლება ჰქონდეს კონკურენტუნარიანობა, ლოგისტიკურად იმდენად რთულია მიღწევა, რომ ფაქტობრივად ეს ამცირებს ამ კონკურენტუნარიანობას. ეს ბაზრებია, მაგალითად ევროკავშირი, სადაც მხოლოდ თხილი ახერხებს ბაზრის შენარჩუნებას, დანარჩენ პროდუქციას ძალიან უჭირს,“- განაცხადა გვანცა მელაძემ.
მისი მელაძის თქმით, შექმნილი პრობლემებისა და გამოწვევების ფონზე, ქართული პროდუქცია კარგავს კონკურენტუნარიანობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას დასახულ მიზანს აშორებს, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციას გულისხმობს.
„სურსათის ფასში ტრანსპორტირების წილი არის ყოველთვის დიდი, მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია ის, რომ გაძვირდა ტრანსპორტირება და გამოიწვია მალფუჭებადი სასურსათო კომპანიებისთვის ბაზრების დაკარგვა. ამჟამად კომპანიები ცდილობენ რომ გადამისამართდნენ დსთ-ს ბაზრებზე ან თუ შესაბამისი პროდუქცია აქვთ - სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. რა თქმა უნდა, სტანდარტების დაუკმაყოფილებლობაც არის ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა ყველა პროდუქციის პრობლემა ეს არაა, მაგალითად ღვინო, კენკრა, ხილი.
ტრანსპორტირების გაძვირებამ კომპანიებს გადაავადებინა სტანდარტების დანერგვა, რადგან არცერთი კომპანია არ გაიღებს მოკლე ვადაში ხარჯს იმ სტანდარტისთვის, რომელიც არ არის იმ ბაზრებისთვის გამიზნული, სადაც ის აპირებს რომ გაიტანოს, აქედან გამომდინარე კიდევ უფრო ვშორდებით იმ დივერსიფიცირების მიზანს, რაც თავდაპირველად იყო ქვეყნის მიზანი და სტრატეგია,“- განაცხადა გვანცა მელაძემ.