ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით, წელს ქალ მეწარმეთა ფორუმი მეხუთედ ტარდება.
ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის, გურანდა გოგიტიძის ინფორმაციით, ფორუმი მიზანი მონაწილე ქალებისთვის თანამედროვე მარკეტინგსა და გაყიდვების სტრატეგიებში არსებული ცოდნის ამაღლებაა.
როგორც გოგიტიძე რადიო "კომერსანტთან" ინტერვიუში აღნიშნავს, ფორუმში მონაწილე ქალების 50-60% აქ შეძენილ ცოდნას აქტიურად იყენებს საქმიანობაში.
,,დღეს უკვე აღარ არსებობს სფერო, სადაც ქალი მეწარმეები არ იყვნენ ჩართულები, იქნება ეს: განათლების, მომსახურების, ტურიზმისა თუ სამშენებლო სექტორები.
წლევანდელი ფორუმის შინაარსი მთლიანად მათი მოთხოვნების შესაბამისად აეწყო.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ უნარების გაძლიერების ტრენინგ კურსები. გვეწვევიან „აწარმოე საქართველოსა“ და სოფლის განვითარების სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმომადგენლები, ტრენერები, ჩატარდება ვორქშოპები და ასე შემდეგ. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამყარონ პირადი კონტაქტები სხვადასხვა კომპანიასთან, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რათა ჰქონდეთ უფრო მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა. ყოველწლიურად, ფორუმის ჩატარების შემდეგ ვატარებთ კვლევას, რა შედეგი გამოიღო ღონისძიებამ. შედეგი ასეთი გვაქვს: 50-იდან 60%-მდე მეწარმეები იმ სიკეთეებში ერთვებიან, რომელთაც თავს ვუყრით ერთ სივრცეში.
პირველ ფორუმზე სულ 80 მეწარმე ქალი გვესწრებოდა, წელს კი დაახლოებით 200 სტუმარს ველოდებით.
ფორუმის მსვლელობისას დასახელდება წლის 10 საუკეთესო ქალი მეწარმე, ასევე, დავიმატებთ ახალ წევრებს, რომლებიც სიმბოლურად ასოციაციის წევრობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს მიიღებენ", - აღნიშნა გურანდა გოგიტიძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში.