საქართველოში ფსტის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. მას სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ კულინარიაში და ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებულია 729 ტონა ფსტა, რომლის ღირებულებამაც 5.19 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტზე ქვეყანაში შემოვიდა 306 ტონა ფსტა, რომლის ღირებულებაც 978 ათას დოლარზე მეტი იყო. რამ განაპირობა მოთხოვნის ასეთი ზრდა? საკითხზე ,,კომერსანტი“ ,,საქართველოს ფისტას ასოციაციის’’ თავმჯდომარეს ესაუბრა. ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ ფსტის პოპულარობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მზარდია. ჩვენს ქვეყანაში კი მოთხოვნის მატება დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო. ფსტამ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიპოვა. პროდუქციის მიმართ გაზრდილ მოთხოვნას ოთარ ანგურიძე რამდენიმე ფაქტორით ხსნის. მათ შორის არის ასოციაციის მიერ გატარებული ცნობიერების ამაღლების კამპანია. გარდა ამისა, პროდუქტის მიმართ ინტერესი მის მრავალმხრივ გამოყენებას უკავშირდება.

,,პროდუქცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ეს ახალი პროდუქტია, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში. 6-7 წელია მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება. ამას ვუკავშირებ ჩვენი ასოციაციის ძალისხმევას. საკმაოდ მასშტაბური PR კამპანიები გვქონდა ცნობიერების გაზრდის მიმართულებით. განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია ახალი ზრდის ტემპი შეინიშნება ჩვენს ქვეყანაში ფსტის მოხმარების მიმართულებით. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გახდა სისტემატური მომხმარებელი ამ პროდუქტის. ფსტა ჩვენთან ძირითადად გამოიყენება როგორც საკვები პროდუქტი. თუმცა, მას აქვს ძალიან ფართო გამოყენების არეალი. მას ძირითადად იყენებენ კულინარიაში. ასევე იყენებენ ფარმაცევტული დანიშნულებითაც. მისგან ხდიან ზეთს და ამზადებენ მედიკამენტებს, კრემებს და კანის მოვლის საშუალებებს. ამზადებენ ვიტამინებსა და ზეთს. ის ყველაზე ფართო და დიდი გამოყენების პროდუქცია.’’- აცხადებს ოთარ ანგურიძე.

საქართველო ფსტას მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არ ყიდულობს. ,,ფისტას ასოციაციის’’ თავმჯდომარე აცხადებს, რომ იზრდება ფსტის ექსპორტიც. ოთარ ანგურიძე ამბობს, რომ ქვეყანაში შემოტანილ ნედლეულს ამუშავებენ, ფუთავენ და გასაყიდად გააქვთ.

,,იზრდება როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოდის ნედლეულის სახით, ხდება მისი გადამუშავება და მზა პროდუქტის სახით მიეწოდება სხვა ქვეყნებს. გადის როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე სხვა ქვეყნების მიმართულებით. გაგვაქვს რუსეთშიც. ფტსა მიმზიდველი გახდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც. საერთაშორისო ბაზარზე მცირდება ფასები, რაც მოხმარების ზრდას უზრუნველყოფს.’’- აცხადებს ოთარ ანგურიძე.

საქართველოში ფსტა ძირითადად თურქეთიდან და ირანიდან შემოდის. იმპორტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, თუმცა შტატები უფრო ძვირად ღირებულ პროდუქციას აწარმოებს და გეოგრაფიული მდებარეობითაც შორს არის, ამიტომ იმპორტში უფრო დიდი წილი თურქეთსა და ირანზე მოდის.

,,ძირითადად ვყიდულობთ თურქეთიდან და ირანიდან. ამერიკიდანაც შემოგვაქვს, მაგრამ ის შორს არის და უფრო ძვირი ფსტის პროდუქციით გამოირჩევა. ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ძირითადად ეს სამეულია, რომელიც მსოფლიოს ფსტას აწვდის. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც მოჰყავთ და ბოლო პერიოდში ფსტის გაშენება დაიწყო შუა აზიასა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.’’- აცხადებს ოთარ ანგურიძე.