შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის თანამშრომლობის მოდელები ამჟამად პოტენციურ ინვესტორებთან განიხილება.
Report-ის ცნობით, ეს განცხადება „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ ერთობლივი საწარმოს გენერალურმა დირექტორმა, თურალ ალიევმა, საერთაშორისო სუფთა ენერგიის დღისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე გააკეთა.
მისი თქმით, შავი ზღვის ფსკერით ქარის ენერგიის კასპიის რეგიონიდან ევროპაში ტრანსპორტირების პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე დასრულებულია და მხარეები ამჟამად პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის შესაძლო მოდელებს განიხილავენ“, - აღნიშნა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ კასპიის რეგიონიდან ევროპაში მწვანე დერეფნის პროექტის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2023 წლის 25 ივლისს საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს და დააკავშირებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1155 კილომეტრზე მეტი იქნება (1115 კილომეტრი წყალქვეშ და 40 კილომეტრი ხმელეთზე), ძაბვა 525 კვ და სიმძლავრე 1300 მეგავატი. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი.