შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე უკვე მივიღეთ განახლებული ინფორმაცია, რომ წლის ბოლოსთვის სრულად უნდა იქნას დასრულებული შესწავლის ეტაპის ყველა კომპონენტი და შესაბამისად, ამის შემდგომ ჩვენ შეგვეძლება, რომ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდეთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკიც დაინტერესებულია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღოს.

„ჩვენ ველოდებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ძალიან აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში. ასევე, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკთან, იმ შეთანხმებული პროექტების ფარგლებში, რომელიც ხორციელდება. მათი მხრიდან არის მზაობა, რომ ინვესტირება საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს საქართველოს დაფინანსებით, მსოფლიო ბანკის მიერ. ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელზეც უკვე მივიღეთ განახლებული ინფორმაცია, რომ წლის ბოლოსთვის სრულად უნდა იქნას დასრულებული შესწავლის ეტაპის ყველა კომპონენტი და შესაბამისად, ამის შემდგომ ჩვენ შეგვეძლება, რომ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდეთ, როგორც დაფინანსებასთან მიმართებით, ისე შესრულების ტექნიკურ ნაწილთან და ფინანსურ სტრუქტურასთან მიმართებით მივიღოთ გადაწყვეტილება. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში აზიის განვითარების მხრიდან აქტიურად არის დაინტერესება, რომ ამ პროექტში მათაც მიიღონ გარკვეული მონაწილეობა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.