"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის ეს მხოლოდ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტი არ იქნება, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი გულისხმობს, რომ საქართველო ევროკავშირის პირდაპირი პარტნიორი ხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ყველა ის ღირსეული ნაბიჯი გადადგას, რომელიც ევროკავშირთან უფრო და უფრო დააახლოებს.
"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მაღალი ქსელურ ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ფლანგან მიმართულებად ითვლება. ჩვენ პირდაპირ ვიქნებით დაკავშირებული ევროკავშირთან.
რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება საწარმოს დასრულების შესახებ კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ ევროკავშირისკენ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ. რას ნიშნავს საწარმოს დაფუძნება?! - მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. ჩვენი პარტნიორები არიან აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი და ოთხივე სახელმწიფომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განვახორციელოთ და არაუგვიანეს 2030 წლისა აღნიშნულმა კაბელმა ოპერირება დაიწყოს. ანუ, საქართველომ, და საქართველოს საშუალებით სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებმა ევროპის ელექტო-ენერგეტიკულ სისტემასთან დაკავშირება უნდა შეძლონ. მნიშვნელოვანია, რომ შვილობილი საწარმო რუმინეთში დაფუძნდა, ანუ პროექტი საქართველოში იწყება და რუმინეთში მთავრდება. შესაბამისად, სწორედ ევროკავშირში დაფუძნდა არსებული საწარმო, რომლითაც კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს პრიორიტეტებს.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ენერგეტიკული მიმართულება, სხვა მიმართულებებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ და მათი სრულფასოვანი, ღირსეული წევრები გავხდეთ", - აცხადებს ჯუბო ტურაშვილი.
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა.