საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, საქართველოსთვის განკუთვნილი მხარდაჭერის პროგრამის მეორე ტრანშის განხილვა გადადო, აცხადებს, რომ ამის მიზეზი საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიღო.
„ჩვენი შეშფოთების საგანი არის ის, თუ რა გავლენა ექნება საკანონმდებლო ცვლილებებს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაზე“, - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონსი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან წერილობით კომენტარში. მისივე თქმით, განხილვის გადადების მიზეზი ასევე არის “იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას მიჰყვეს“.
საქართველომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მხარდაჭერის სამწლიან პროგრამაზე შეთანხმებას 2022 წლის აპრილში მიაღწიეს. პროგრამა, სესხის სახით, საქართველოსთვის 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სავალუტო ფონდის მისიამ, მხარდაჭერის პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის 11 მაისს დაასრულა და დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ფონდის საბჭოსთვის ივნისში უნდა წარედგინა. თუმცა ფონდმა გადაწყვეტილების წარდგენა, მომდევნო განხილვის თარიღის გამოცხადების გარეშე გადადო. საქართველოს ამ ეტაპზე ფონდისგან 40 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.
„ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ კომენტარში, ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ დაცული იქნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა.
„ჩვენ ვაფასებთ ხელისუფლების ვალდებულებას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვისა და ფონდთან ძლიერი პროგრამული ჩართულობის გაგრძელების შესახებ. ჩვენი დისკუსიები ხელისუფლებასთან ორიენტირებულია იმაზე, რომ მივაღწიოთ საუკეთესო პრაქტიკულ გზას, ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მიზნების მისაღწევად და მეორე განხილვის დასასრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, საქართველოს ხელისუფლებამ ივნისში, ცვლილებები შეიტანა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო მალევე დაძლია. ცვლილებების მიხედვით ბანკის საბჭოს სტრუქტურა ისე იცვლება, რომ კითხვის ქვეშ დგება მასში წევრთა ბალანსი და შესაბამისად, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის ხარისხი.
ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს დაემატა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალურად იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის პოზიციაზე ბანკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.