ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია „ჰუავეის“ პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გან ძიანჰუას შეხვდა – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ ცინცაძე, აგრეთვე ჩინური კორპორაციის წარმომადგენლები.

საუბარი წარიმართა საქართველოში ICT მიმართულების განვითარებასა და ამ მხრივ, „ჰუავეის“ ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ ჩინურ კორპორაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს და გლობალურ ICT სექტორთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, დიდი ინტერესი აქვს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე.  კორპორაციის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, როგორ ხედავენ ისინი საქართველოში ბიზნესის გაფართოებას და თანამშრომლობას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში.

მარიამ ქვრივიშვილმა „ჰუავეის“ წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ხედვა ქუთაისში, ახალი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის შესახებ, რომელიც უნიკალური იქნება ფართო რეგიონში და სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. კერძოდ,  ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორები, საერთაშორისო IT სკოლა, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ლაბორატორია, მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეები.

„ჰუავეის“ წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში „ჰუავეის“ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.