2024 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ის კვლევით ინსტიტუტი ავრცელებს.

ორგანიზაციის დათვლით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.  წლიურ ჭრილში, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით ზრდამ 8% შეადგინა.

"თვიურ ჭრილში, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თელავში დაფიქსირდა, სადაც ხაჭაპურის ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, თელავში, მიმდინარე თვეში, ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.17 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება. აღნიშნული ზრდა უკავშირდება კახეთის საშემოდგომო სეზონს, განსაკუთრებით რთველის პერიოდს, რომელიც აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. რთველის დღესასწაულები იწვევს ტურისტული ნაკადების გადანაცვლებას შავი ზღვის სანაპიროდან თელავისა და მიმდებარე რეგიონებისკენ. ტურისტების სეზონური მატება ზრდის ადგილობრივ მოთხოვნას, რაც ფასების მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.

წლიურ ჭრილში, თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასმა განიცადა ინფლაცია, გარდა კვერცხისა, რომლის ფასიც 1.5%-ით შემცირდა. საფუარის ფასმა ყველაზე დიდი წლიური ზრდა (21.8%) აჩვენა, შემდეგ მოდის კარაქი 16.4%-ით, რძე 13.2%-ით, ყველი 8.6%-ით და ფქვილი 4.6%-ით. ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს რძე წარმოადგენს, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა.

რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია ყველისა და რძის – ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ფასების შემდგომი ზრდა მომდევნო თვეებში," -  წერს ISET-ი. 

ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთმევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.

შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.

ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსები  ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს. The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ქართულ ხაჭაპურზე, იკითხეთ კომერსანტი

https://commersant.ge/news/search?phrase=%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0