საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -30.0 მლრდ აშშ დოლარი (-84.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წლიური მშპ-ს -89.0 პროცენტია (2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს ოთხი კვარტალის -90.8 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 163.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 მლრდ აშშ დოლარია (48.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 353.8 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.


მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 47.4 მლრდ აშშ დოლარი (133.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 190.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.