ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) წერს, რომ 2000 წელს საქართველომ და მოლდოვამ თავიანთი ღვინის ექსპორტის დაახლოებით 80% რუსეთში გაიტანეს. 2006 წელს კი ორივე სახელმწიფოს რუსეთმა ემბარგო დაუწესა. ქართულ ღვინოზე აკრძალვა 2013 წლამდე გაგრძელდა. მოლდოვის ღვინო კი რუსეთის ბაზარზე ერთი წლის შემდეგ დაუშვეს. მოლდოვისთვის მეორე აკრძალვა 2013 წელს მოხდა. შედეგად მივიღეთ, რომ 2023 წელს საქართველო ისევ რუსეთის ბაზარზე იყო დამოკიდებული (2023 წელს ქართული ღვინის ექსპორტის 65%-ზე მეტი კვლავ რუსეთში გავიდა), მოლდოვა კი თითქმის მთლიანად ჩამოშორდა რუსეთის ბაზარს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია რუსეთის ბაზარზე 2000-დან 2023 - წლამდე ექსპორტირებული მოლდავური და ქართული ღვინო:

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, ის ამ პროდუქტის მთავარი მომხმარებელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომს მოჰყვა უკრაინის ბაზრის თითქმის მთლიანად დაკარგვა, რამაც რუსეთის ბაზარზე ქართული მსხვილი მარნების დამოკიდებულება კიდევ უფრო გაზარდა. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვარ–მაისში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 52%-ით გაიზარდა და ამ პროდუქტის მთლიანი ექსპორტის 75% შეადგინა.

ბოლო წლებში რუსეთში ღვინის გაყიდვების ზრდას ხელი იმანაც შეუწყო, რომ რუსეთმა ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებულად დიდი აქციზი დაუწესა. ამან ქართულ ღვინოზე, რომელსაც „არამეგობრული ქვეყნების“ მიმართ გატარებული ზომები არ შეხებია, მოთხოვნა გაზარდა.

თიბისი კაპიტალის თანახმად, 2024-2025 წლებში მოსალოდნელია რუბლის გაუფასურება დოლარის მიმართ. გარდა იმისა, რომ გაუფასურება იწვევს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებას ან ხარჯვითი პრეფერენციების ცვლილებას, ის რუსეთში ზრდის სავალუტო რისკებს იმპორტიორი კომპანიებისთვის.

თიბისი კაპიტალის მტკიცებით, ქართული ღვინის ინდუსტრია უკანასკნელი სამი წლის მანძილზე 1-6 პროცენტის ფარგლებში იზრდება. 2024 წელს ზრდა 5%-ს შეადგენს. ზრდის ძირითადი წყარო იქნება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა და ადგილობრივი მოხმარების მატება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის ფონზე. 

gbc.ge