ენერგეტიკის სექტორში, ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ დარგში, მოთხოვნა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ ,,გრედას” აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ ,,კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, თუ ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება არ იქნება, საქართველოს ელექტროენერგიის ყიდვა რუსეთიდან მოუწევს, ან აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზის თბოელექტროსადგურებში გამოყენება, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და სექტორის განვითარებას საგრძნობლად დააზარალებს.
მელიქიძის განმარტებით, წყალი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის შევსებაც მზისა და ქარის ენერგიებით შესაძლებელია, თუმცა ჩანაცვლება აბსოლუტურად გამორიცხულია. საქართველო ამჟამად შესაძლებლობის 25% იყენებს, ჰიდრო რესურსების სრულად ათვისების შემთხვევაში კი მნიშვნელოვანი მატერიალური დოვლათი შეიქმნება.
„ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები ძირითადად ქსელურ კომპანიებზე მოდის, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებენ გადამცემ ხაზებში იმისათვის, რომ ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება მოხდეს.
ჩვენი ქვეყნისთვის ენერგეტიკა ეკონომიკური დოვლათის შექმნის უკონკურენტო დარგია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ენერგომატარებლებზე ფასმა საგრძნობლად აიწია, რასაც დაემატა ის, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ავტომატურად ნიშნავს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას - წლიდან წლამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 3-იდან 5%-მდე იზრდება. თუ ადეკვატური მიწოდება არ იქნება, მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება: ერთი ელექტროენერგია, თავად პროდუქტი შემოვიტანოთ რუსეთიდან ან აზერბაიჯანიდან და მეორე გზა, აზერბაიჯანიდან შემოვიტანოთ გაზი და თბოელექტროსადგურების საშუალებით ვაწარმოოთ ელექტროენერგია. მზის და ქარის ენერგია, ჰიდროენერგიას ვერასდროს ჩაანაცვლებს, ის შესაძლოა დამხმარე, მაგრამ არა ჩამანაცვლებელი. ქარი განსაკუთრებით მაშინ, როცა პიკური პერიოდი გვაქვს, ზამთარში, ამ დროს შეგვიძლია ენერგოსისტემას დავეხმაროთ და ქარის რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
ელექტროენერგიაზე მოთხოვნა საგრძნობლად არის გაზრდილი ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. საქართველოს წყლის რესურსის დაახლოებით 25% აქვს ათვისებული, სრულად ათვისების შემთხვევაში კი ჩვენ ნამდვილად გავხდებით ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, ასევე შეიქმნება მატერიალური დოვლათი, რათა ქვეყანამ სხვადასხვა დარგი განავითაროს“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მისივე ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიაზე მოხმარება და ფასები საგრძნობლად იზრდება, ამიტომაც დასავლელი ინვესტორები დაინტერესებული არიან ინვესტიცია საქართველოში ჩადონ და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ნაწარმოები ენერგია ევროპაში გაიტანონ.
მელიქიძის განმარტებით, დროში გაწელილი ბიუროკრატია და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ის მთავარი პრობლემებია, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს მუშაობას და ინვესტირებას ურთულებს.
,,საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ევროპელი ინვესტორები გააქტიურდნენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან მიმართებით. ევროპელი ინვესტორები კარგად ხედავენ, რომ მათ ქვეყნებში პროდუქტზე ფასი იზრდება, საქართველოს პოტენციალიდან გამომდინარე, ბუნებრივია ისინი ფიქრობენ, რომ ინვესტიცია ამ ქვეყანაში ჩადონ, შემდეგ ნაწარმოები პროდუქტი, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ექსპორტზე გავა, სწორედ ევროპას გადაეცემა; რუმინეთს, უნგრეთს და ასე შემდეგ.
კერძო სექტორისთვის ბიუროკრატია კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, რადგან ინვესტორებს ძალიან მოკლე ვადაში უამრავი საბუთის წარდგენა ევალებათ, ამიტომ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ჩვენ რაც შეიძლება მეტი, კომპეტენტური კადრი გვჭირდება შესაბამის უწყებებში, რადგან სექტორში ამ მიმართულებით დიდი დეფიციტია: 3-თვიანი საქმეები 6-9-თვიან პერიოდში იწელება ხოლმე.
გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ფინანსებზე წვდომა. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეხვედრა აზიის განვითარების ბანკთან, ასევე „აიფსისთან“, კომერციულ ბანკებთან და მათი მხრიდან სესხების გაცემაზე მზაობა არის, თუმცა მათ მეტი გარანტია სჭირდებათ, რომ ბიზნესმენი ამა თუ იმ გენერაციის ობიექტის აშენებას შეძლებს“,- აღნიშნა გრედას აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ.