ჩინელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ მზარდია. ისინი ჩვენს ქვეყანას ოჯახებით ან მეგობრებთან ერთად სტუმრობენ. შუა ასაკის ადამიანები ჯგუფებთან ერთად მოგზაურობას ანიჭებენ უპირატესობას, ახალგაზრდები კი ხშირად დამოუკიდებლად მოგზაურობენ. ჩინელი ტურისტების მზარდი ინტერესის ფონზე, საქართველოში ჩინური ენის მცოდნე გიდების ნაკლებობაა.
ანი ფურცხვანიძე ჩინური ენის მცოდნე პროფესიონალი გამყოლია, რომელიც ჩინეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უწევს მეგზურობას. გიდი „კომერსანტთან“ საუბარში მთავარ გამოწვევად სწორედ ენის ბარიერს ასახელებს.
,,ჩინეთში უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველო. მზარდია ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი. ძალიან კმაყოფილები მიდიან, როგორც ბუნებით, ასევე ქართული სტუმართმოყვარეობით, გარემოთი და ჩვენი ისტორიით. ერთადერთი რაც ჭირს არის ენის ბარიერი, რადგან ჩინელები ინგლისურად არ საუბრობენ და ჩვენც ჩინურენოვანი გიდები თითზე ჩამოსათვლელად ვართ. ვინც ჩინური იცის იმისთვის არ არის საკმარისი ეს ცოდნა, რადგან აუცილებელია კვალიფიკაცია. ეს არ არის მარტივი ენა, განსაკუთრებული და სპეციფიკური ენაა და გჭირდება მომზადება. ენის ბარიერი გვაქვს, რომ უფრო უკეთესი კომუნიკაცია შედგეს მასპინძელსა და სტუმარს შორის.’’- აცხადებს ანი ფურცხვანიძე.
ჩინეთიდან საქართველოში განსხვავებული გემოვნების, ასაკისა და გადახდისუნარიანი ტურისტები ჩამოდიან, თუმცა მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ. ისინი მოგზაურობის დაგეგმვამდე უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იქნება დაცული.
,,მათთვის ნომერ პირველი და უმნიშვნელოვანესია იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული. კერძოდ, ჩინელი ტურისტი თავს უნდა გრძნობდეს უსაფრთხოდ. ეს ეხება როგორც სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებას, ასევე გარემოს. უსაფრთხოებას აქცევენ დიდ ყურადღებას და თავიდანვე, როცა ტურს ყიდულობენ მაშინ პირველი კითხვა არის თუ რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა. საქართველო ჩინეთში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი სამოგზაუროდ უსაფრთხო, ტურისტული ქვეყანა.’’- აცხადებს ანი ფურცხვანიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.
ჩინელ ტურისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქრისტიანული კულტურა, საქართველოს ბუნება და ქართული სამზარეულო. გიდი ანი ფურცხვანიძე ამბობს, რომ ქართული კერძების მიმართ ჩინელი ტურისტები ორ, რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებას აფიქსირებენ. ერთი ნაწილი პირველივე დაგემოვნების მომენტიდან შეყვარებული რჩება, მეორე ნაწილისთვის კი გემოები რთულად აღსაქმელი და მისაღებია.
,,ძირითადად აინტერესებთ ისტორიული ადგილები. ძალიან აინტერესებთ ჩვენი ბუნება, მართლმადიდებლური ისტორია და რელიგია, ასევე აინტერესებთ ქართული სამზარეულო, თუმცა პარალელს რომ ავლებენ ჩინურ სამზარეულოსთან, მათი რეცეპტორებისთვის ქართული საკვები არ არის იმდენად მისაღები და ცოტა უჭირთ. არის ნაწილი, რომლებიც გასინჯვისთანავე გიჟდებიან ქართულ სამზარეულოზე და არის მეორე კატეგორია, რომელსაც პირიქით, არ მოსწონს. ეს ორი რადიკალური დამოკიდებულება დავაფიქსირე იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე პირადად მაქვს. ასაკი მერყეობს. ვერ გეტყვით კონკრეტულად, რომ მაინცდამაინც ასაკოვანი ტურისტები ჩამოდიან. არიან როგორც ბავშვიანი ოჯახები, ასევე არიან პენსიონერები და საშუალო ასაკის და ახალგაზრდები. ძირითადად ჩამოდიან ოჯახებით ან მეგობრებით. ახალგაზრდები ძირითადად ცდილობენ რომ დამოუკიდებლად იმოგზაურონ და გადაადგილდნენ, თუმცა მათი სურვილიც არის რომ ჰყავდეთ მცოდნე გამყოლი.’’- აცხადებს ანი ფურცხვანიძე.
გიდი ამბობს, რომ მზარდი ინტერესის მიუხედავად ივნისში საქართველოს წინა წელთან შედარებით შედარებით ნაკლები ჩინელი ტურისტი ესტუმრა, თუმცა ზაფხულის შემდეგი ორი თვე უფრო აქტიურად არის უკვე დაჯავშნილი.
,,ჩემი დაკვირვებით შარშან ამ პერიოდში უფრო მეტი იყო ინტერესი. არ ვიცი ეს რამ გამოიწვია. შეიძლება ფრენებზე ბილეთების გაძვირებამ გამოიწვია ან სხვა რამე კონკრეტული მიზეზები შეიძლება არსებობს. ტურისტული სააგენტოებიდან ვიცი, რომ ივლისი და აგვისტო დაჯავშნილია და დიდი ამბავია. ჯერ ახალი დაწყებულია სეზონი და შეიძლება დაემატოს ტურისტები. შეიძლება ივნისი არ იყოს დატვირთული, თუმცა შემდეგ იმდენი ტურისტი ჩამოვიდეს რომ რეკორდი მოიხსნას.’’- აცხადებს ანი ფურცხვანიძე.