პარლამენტმა ეკონომიკური დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივის განხილვა დაიწყო. ცვლილებები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში’’ შედის. საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტები პირველი მოსმენით იხილავენ.

,,ცვლილება შეეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა - დიდი ოდენობით ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, თანხის მითვისება ან გაფლანგვა, ნივთის დაზიანება ან განადგურება. ამ დანაშაულების შედეგად დაზარალებულები შეძლებენ ეფექტურად აღიდგინონ თავისი უფლებები, რაც გულისხმობს, რომ დამნაშავის ქონებას დაედება ყადაღა, რომელიც აღსრულებაში გამარტივებული მექანიზმით მოემსახურება დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებას. ამავდროულად, დამნაშავის ახლო ნათესავებს თუ აღმოაჩნდებათ უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, ეს ქონებებიც დაზარალებულის ზიანის ანაზღაურებისთვის მიიმართება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

,,კომერსანტმა“ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასება სისხლის სამართლის იურისტს ნიკა სადრაძეს სთხოვა. იურისტი საკანონმდებლო ცვლილებებში პრობლემურ საკითხებს ხედავს. პირველი ე.წ. სოციალური დაცვის ღონისძიებას შეეხება. იურისტი პრობლემურად მიიჩნევს იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის შემდეგაც ქვეყნის დატოვება აეკრძალება იმ შემთხვევაში თუ ის ზიანს არ აანაზღაურებს.

,,პირველი სიახლე რაც შემოდის არის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, ანუ გარკვეულ მუხლებზე ვრცელდება ე.წ. სოციალური დაცვის ღონისძიება. ეს პროკურატურას და სასამართლოს აძლევს საშუალებას ნასამართლობის მოხსნის თუ გაქარწყლების შემდეგაც პირს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა მანამ, სანამ ვერ შეძლებს ზიანის ანაზღაურებას. ეს არის პრობლემა. შეიძლება პიროვნებამ სასჯელი მოიხადოს სრულად, მოეხსნას ნასამართლობა და ამის შემდეგაც ვერ დატოვოს ქვეყანა. იმ დრომდე, სანამ ზიანს არ აანაზღაურებს. კანონპროექტში არის მუხლების ჩამონათვალი. მათ შორის არის ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა. ამ ტიპის დანაშაულზეც შესაძლებელია იყოს მსგავსი ღონისძიება გამოყენებული. ეს არის პრობლემა. ეს ძალიან დიდი ბერკეტს აძლევს სახელმწიფოს.’’- აცხადებს ნიკა სადრაძე.

იურისტი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ინტერესები დაცული უნდა იყოს, თუმცა ეს ბალანსის დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ნიკა სადრაძე განმარტავს, რომ პირი ეკონომიკური დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით ისჯება, რაც ისედაც მკაცრი სასჯელია. მსჯავრდებულზე დამატებითი აკრძალვის დაკისრება კი ბალანსს არღვევს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შესაძლოა ორმაგ დასჯად განვიხილოთ.  

,,დაბალანსება უნდა მოხდეს ყოველთვის. გასაგებია საქმეში დაზარალებულის ინტერესი. საკითხი აქ ასე დგას, როდესაც დანაშაულის ჩადენისას, კონკრეტულ მუხლზე ვერ ანაზღაურებს ბრალდებული თუ მსჯავრდებული ზიანს და დაზარალებულს ვერ უკმაყოფილებს მოთხოვნას, სასჯელი ისედაც მკაცრია. ამ დროს ყოველგვარ შეღავათზე საუბარი ზედმეტია. მათ შორის არის რეალური თავისუფლების აღკვეთა. დაზარალებული ვერ იღებს თავის ინტერესს და მსჯავრდებული სათანადოდ ისჯება. სათანადოდ დასჯას ახლა თან ერთვის უკვე ქვეყნიდან გასვლის აკრძალვაც, მათ შორის სასჯელის მოხდის შემდეგაც. ბალანსის დაცვა ჭირს. თორემ, დაზარალებულისთვის ეს დამატებითი ბერკეტია. პირს ქვეყნიდან უნდა გასვლა, მაგრამ ვერ გავა სანამ ზარალს არ აანაზღაურებს - ეს დამატებითი სასჯელის მაგალითია. ბალანსი უნდა იყოს დაცული, თუნდაც ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ რატომ არ უნდა შეეძლოს პირს ქვეყნის დატოვება? ეს არის პრობლემა. თუ ვერ ანაზღაურებს ზარალს ისედაც იხდის სასჯელს და სახელმწიფო შეღავათს არ აკეთებს, არც სასამართლო. გამოდის, რომ პირის დასჯა ორმაგად ხდება.’’- განმარტავს სისხლის სამართლის ადვოკატი.

იურისტი პრობლემურად მიიჩნევს კანონპროექტის იმ ნაწილსაც, რომელიც ზიანის ანაზღაურების გამარტივებული წესის შემოღებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, დაზარალებულმა ზიანის ანაზღაურება შესაძლოა მსჯავრდებულის ახლო ნათესავებისგან ან/და მეგობრებისგან მოითხოვოს, თუ უშუალოდ ბრალდებულისგან ან მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება ვერ ხდება.

,,ძირითადად ეს ხდება (ქონების გადაფორმება) უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ანუ ფულის გათეთრების მიზნით, როდესაც გამოძიების პროცესში, გამოძიებამდე ან შემდგომ ბრალდებული ახდენს ქონებების გადაფორმებას სხვა პირებზე. ამით ხდება შენიღბვა და ბრალდებული თვითონ რჩება ,,სუფთა“. დაზარალებულისთვის რთულია უკვე რაიმე სარგებლის მიღება და ზიანის ანაზღაურება. მაგრამ მტკიცებულებით უნდა იყოს დადასტურებული, რომ კონკრეტული ქონება, რომელიც გადაფორმდა ახლო ნათესავზე თუ მეგობარზე დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ასევე, უნდა დასტურდებოდეს, რომ რადგან ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, სამომავლო რისკების თავიდან აცილების მიზნით გადაფორმდა ნათესავზე ან ოჯახის წევრზე. ეს ადრეც იყო და ახლაც არის პრაქტიკაში, როდესაც ეჭვი არსებობს, რომ ქონება შეიძლება დანაშაულებრივი გზით იყოს მოპოვებული, გამოძიება და პროკურატურა გამოძიების ეტაპზე ამ ქონებას აყადაღებს. აქ საუბარია, რომ დაზარალებულს შეეძლება გამარტივებული წესით უკვე გამამტყუნებელი განაჩენის მერე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა იმ პირისგან ვისზეც არის ქონება გადაფორმებული. მტკიცების ტვირთი ბრალდებაზეა. უნდა დადასტურდეს, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ეს ცალსახად ასეა.’’- განმარტავს იურისტი. 

სისხლის სამართლის ადვოკატი დამატებითი სასჯელის შემოღებას არ ემხრობა. ნიკა სადრაძე განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ისედაც მკაცრია და ზიანის ვერ ანაზღაურების შემთხვევაში დამნაშავედ მიჩნეული პირი ისედაც აგებს პასუხს.

,,როგორც ადვოკატი არასდროს არ ვარ მომხრე დამატებითი სადამსჯელო თუ ,,რეპრესიული’’ ღონისძიებების შემოღების. არ ვარ ამის მომხრე, რადგან კანონმდებლობა ისედაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ კი დაზარალებულს ზიანი ვერ აუნაზღაურდება ბრალდებულს და მსაჯვრდებულს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ სახელმწიფო შეღავათს ვერ გამოიყენებს. მაგრამ ის, რომ ჩვენ შემოვიტანოთ დამატებითი ე.წ. სოციალური დაცვის ღონისძიება და კუთვნილი სასჯელის მერე პირს კიდევ დამატებითი შეზღუდვა ჰქონდეს ამას არ მივესალმები ცალსახად.’’- აცხადებს ნიკა სადრაძე.