საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს შესახებ განახლებული შეფასება დაამტკიცა. საბჭოს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ გასულ წლებში მდგრადობა გამოავლინა შიდა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად. 2021 წლიდან საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9%-ზე მეტია. IMF-ის განმარტებით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებია პანდემიის შემდგომი აღდგენა, ICT და ლოგისტიკური სერვისების გაფართოება, მიგრაცია, ფინანსური შემოდინებები და უკრაინის ომთან დაკავშირებული სატრანზიტო ვაჭრობის ეფექტები.

IMF-ის პროგნოზით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი სავარაუდოდ 5%-მდე შემცირდება, რაც შიდა მოთხოვნის დაქვეითებას უკავშირდება. IMF-ის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაცია სტაბილურია და ახლოს რჩება სამიზნე მაჩვენებელთან, 3%-თან. ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წლისთვის 36%-მდე შემცირდა. საბჭოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ვალი სტაბილურ დონეზე დარჩება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ფრთხილი მართვის პირობებში.

IMF რისკებს შორის ინვესტორთა განწყობის გაუარესებას ასახელებს. შეფასებაში აღნიშნულია, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ შესაძლოა იმოქმედოს სავაჭრო არხებზე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამ შეიძლება შეამციროს საქართველოსთვის მიგრაციისა და სატრანზიტო ვაჭრობის მხრივ მიღებული დროებითი სარგებელი, თუმცა რეგიონული სტაბილურობის ზრდამ შესაძლოა ეს გავლენა გაანეიტრალოს. საქართველოს გლობალურ სავაჭრო დაძაბულობაზე შეზღუდული დამოკიდებულება პირდაპირ რისკს ამცირებს.

რისკებს შორის დასახელებულია პოლიტიკური გაურკვევლობა და პოტენციური სანქციების შესაძლო უარყოფითი ასახვა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და ტურიზმზე, რაც ლარზე ზეწოლას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ფისკალური და ფინანსური ბუფერები ხელს შეუწყობს ამ უარყოფითი გავლენების შემცირებას.