2024 წელს საქართველოს ეკონომიკაზე და ბიზნეს სექტორზე შიდა ფაქტორებმა განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია, ამ მხრივ გარდამტეხი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მათ შორის ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნები და ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს.

მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მონაცემს მიაღწია, ხოლო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდა. გარდა ამისა შემცირდა ფულადი გზავნილები, ხოლო ლარის კურსმა მნიშვნელოვანი რყევები განიცადა და წლის დასაწყისიდან დაახლოებით 11 თეთრით გაუფასურდა.

„კომერსანტი“ გაგაცნობთ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებას 2024 წლის განმავლობაში:

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

2024 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 855.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება2024 წლის III კვარტალში 4.3 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმადარგებმა: მშენებლობა (30.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (32.8 პროცენტი), საბითუმო დასაცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (11.0 პროცენტი), განათლება (35.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (22.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა(14.7 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-13.6 პროცენტი).

მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1%-ით, სხვადასხვა საქონლის და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6%-ით, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.9%-ით, ხოლო საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7%-იანი კლება.

შემცირებული რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე, უცვლელად დატოვა. შესაბამისად, 182,040 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის ოქტომბრის თვეში 0.3% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისის თვიდან.

 

გაუფასურებული ლარი

2024  წლის 3 იანვარს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით  2.6889 ლარი იყო. წლის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რყევა განიცადა, ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა 4 დეკემბერს, როდესაც ერთმა დოლარმა 2.8746 ლარი შეადგინა, ყველაზე მეტად გამყარებული კი ის 17 თებერვალს იყო, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 2.6432 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 დეკემბრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7943 ლარი გახდა.

10%-ით შემცირებული ფულადი გზავნილები

2024 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

კლების მთავარი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 61%-ით შემცირება. ნოემბერში გზავნილებში #1 ადგილი აშშ-მა დაიკავა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა წლიურად 22%-ით არის გაზრდილი.

მეორე პოზიციას იკავებს იტალია 45 მილიონი დოლარის გზავნილებით (ზრდა 4%), რუსეთმა კი მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა 30 მილიონის გზავნილებით. ფულად გზავნილებში ივლისიდან მოყოლებული #1 ადგილს სწორედ აშშ იკავებს.

6.6%-ით გაზრდილი საგარეო ვაჭრობა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 010.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 101.7 მლნ. აშშ დოლარს(გაიზარდა 6.1 პროცენტით).

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 166.1 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (795.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (664.4 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 500.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 828.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 635.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 218.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით(მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 270.4 მლნ. აშშ დოლარით (4.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 082.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 185.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 562.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).