სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კავკასიის საინვესტიციო ფორუმზე უნიკალური, პრემიუმ ხარისხის მაღალმთიანი წყალი წარადგინა, რომლის ექსპორტი რუსეთშიც იგეგმება. ამის შესახებ ფორუმის ფარგლებში, TASS-თან ინტერვიუში, “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელმა რუსეთში, ტაიმურაზ გოგინოვმა განაცხადა.
„ფორუმზე ჩვენი ახალი პროდუქტი წარვადგინეთ - უნიკალური, მაღალმთიანი წყალი განსაკუთრებული თვისებებით. ნიმუშები კავკასიის საინვესტიციო ფორუმზე წარვადგინეთ და რუსეთში მის ექსპორტს ვიწყებთ. ეს პრემიუმ წყალი ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე იწარმოება, რაც ძალიან რთულ ლოჯისტიკას მოითხოვს, მაგრამ ეს განსაკუთრებული სისუფთავის უნიკალური წყაროა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენი რესპუბლიკის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათადაც იქცევა“, - განაცხადა გოგინოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას საინვესტიციო პროექტების განვითარებისთვის 10 მილიონი რუბლი შეღავათიანი სესხები გამოუყო.