„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი პრივატიზაციის ახალი წესები კორუფციას ვერ შეამცირებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, დადგენილებამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“, რომელიც 2026 წლის 12 იანვარს ამოქმედდა, შესაძლოა შექმნას ლეგალური ჩარჩო, რომელიც მსხვილ ბიზნესსა და მთავრობას შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კორუფციული რისკების შემცველ ურთიერთობებს დააკანონებს და გაზრდის ელიტური კორუფციის რისკებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ პირდაპირი პრივატიზაციის პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავდა. დაფიქსირდა არაერთი საეჭვო ტრანზაქცია, რომელიც მაღალი ალბათობით საჯარო ინტერესების ხარჯზე განხორციელდა, მათ შორისაა მმართველი პარტიის შემომწირველების სასარგებლოდ ქონების პრივატიზაციის არაერთი შემთხვევა. დადგენილება აკანონებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, კომუნიკაცია მთავრობასა და ინვესტორს შორის და კონკრეტული ქონების შერჩევა მთლიანად დახურულ კარს მიღმა წარიმართოს“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემა მდგომარეობს ელიტური გარიგებების წახალისების რისკებსა და ტერმინოლოგიის უკიდურეს ბუნდოვანებაშიც.
„პრივატიზაციის პროცესი და განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო ქონების გასხვისება იმთავითვე გულისხმობს კორუფციის მაღალი რისკის არსებობას. რაც უფრო სუსტია კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები (მაგ.: კონკურენცია, გამჭვირვალობა, ზედამხედველობა, დარღვევებზე რეაგირება), მით უფრო მეტია შანსი, რომ რისკი კონკრეტულ ზიანში გადაიზარდოს და ავნოს საჯარო სიკეთეს. მთავრობის ახალი დადგენილების ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, თუ რა არ წერია მასში. დოკუმენტი შემოიფარგლება მხოლოდ მშრალი ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული წინაპირობებით და აბსოლუტურად იგნორირებულია პროცესის გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული კონტროლის მექანიზმები. საქართველოს მთავრობის №639 დადგენილება, რომლის დეკლარირებული მიზანი იყო პირდაპირი წესით პრივატიზების მანკიერი პრაქტიკის დასრულება, ვერ პასუხობს დასახულ მიზანს შემდეგი მიზეზების გამო: 100-მილიონიანი ინვესტიციის მოთხოვნა ბაზარზე ტოვებს მხოლოდ რამდენიმე მსხვილ, ელიტურ მოთამაშეს, აღმოფხვრის კონკურენტული გარემოს ნაშთებსაც კი და ახალისებს მთავრობასთან დახურულ გარიგებებს. ინვესტიციის მაღალი მოცულობა არ გამორიცხავს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას. კანონმდებლობა მთავრობას აძლევს დისკრეციას, ქონების საწყისი ფასი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად განსაზღვროს და არ მოითხოვს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის დამოუკიდებელ შეფასებას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში არ არსებობს „საზოგადოებრივი მნიშვნელობის“ სამართლებრივი დეფინიცია, რაც ტოვებს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი კომერციული პროექტი გათავისუფლდეს საჯარო აუქციონის ვალდებულებისგან. მთავრობის ახალი დადგენილება არ განსაზღვრავს პირდაპირი პრივატიზაციის ინიცირების, მოლაპარაკების ან შერჩევის პროცედურას. არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი წესი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გამოხატოს დაინტერესებულმა ინვესტორმა სახელმწიფო ქონების შეძენის სურვილი და რა ეტაპებს გაივლის პროცესი. დადგენილება არ აწესებს ინვესტორის კეთილსინდისიერების შემოწმების, მათ შორის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიცირებისა და საჯარო მოხელეებთან კავშირის გამორიცხვის ვალდებულებას. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას, ისე OECD-ის პრინციპებს სახელმწიფო ქონების გამჭვირვალედ და კონკურენტულად განკარგვის შესახებ.
იმისათვის, რომ პროცესი რეალურად გაჯანსაღდეს, აუცილებელია კანონმდებლობაში აისახოს დამოუკიდებელი შეფასების ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრული საჯაროობა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის მკაცრი მექანიზმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაცია კვლავ დარჩება მაღალი კორუფციული რისკების მატარებელ მექანიზმად, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საჯარო რესურსების სამართლიანად განკარგვას“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.