საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლისთვის გაკეთებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 7.2% ნიშნულზეა განსაზღვრული და საშუალოვადიან პერიოდში სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სსფ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგებზე, ასევე, განხილულია სხვადასხვა შერჩეული მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები.
„მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეოთხე მუხლის კონსულტაციების მისიამ. აღნიშნული მისიის ფარგლებში, მომზადდა ანგარიში, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცდა 21 ივლისს. გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული მისიის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები და სხვადასხვა შერჩეული მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლისთვის გაკეთებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 7.2% ნიშნულზეა განსაზღვრული და საშუალოვადიან პერიოდში სრულიად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან. ასევე, აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა წლიურად საშუალოდ 9%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა და მიღწეული შედეგები. დეფიციტის 2.5%-ის ფარგლებში შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას იძლევა გაგრძელდეს ვალის მდგრადობა და ვალი შენარჩუნდეს უსაფრთხო დონეზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
მისი თქმით, ასევე აღნიშნულ იქნა მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტში მიმოხილულია მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები, როგორებიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა, საგადასახადო და საშემოსავლო ადმინისტრირების მიმართულებით არსებული რეფორმები, ასევე ხარჯების ეფექტურობისა და ეფექტიანობის მიმართულებით არსებული რეფორმები.
მინისტრის მოადგილის კომენტარს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს