ერთი კვირაა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების საგრძნობი გაიაფების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, საქართველოს ნავთობროდუქტების ბაზარზე არსებული ტენდენცია სრულიად დამოკიდებულია საერთაშორისო ტენდენციებზე. იქ კი ბოლო დღეებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა და კლების ტენდენცია აშკარად გამომიკვეთა. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ფასების შემცირებაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების შესაძლო დეესკალაციის მოლოდინი, სპარსეთის ყურეში ნავთობის მიწოდების პერსპექტივა და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესაძლო კორექტირების მოლოდინი.

5 ნოემბრის მონაცემებით, „ბრენტის“ ფასი კვირის დასაწყისიდან დაახლოებით 16%-ით ნაკლებია. ეს კლება დაკავშირებულია ირანთან კონფლიქტის შესაძლო დასრულების მოლოდინთან.

რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ნავთობპროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული. საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაიაფება პოტენციურად ქმნის ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემცირების წინაპირობას, თუმცა გავლენა მყისიერი არ არის. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე არსებული კლების ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახება.

„დიახ, ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე კლების ტენდენციაა, რადგან ე.წ. „პლატსის“ მაჩვენებელი შემცირდა. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას საქართველოს ბაზარზეც, თუ კლების ტენდენცია ცოტა ხნით მაინც გაგრძელდება. დღეს და ხვალ - არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, საქართველოს ბაზარზეც აუცილებლად დაიწყება კლება, მთავარია ტენდენცია გაგრძელდეს.

რაც შეეხება საწვავზე აქციზის შემცირებას, ეს მთავრობის პრეროგატივაა. მართალია, გადასახადის შემცირება საწვავს გააიაფებს, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდება. ამიტომ ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა ურჩევნია - საწვავის გაიაფება, თუ ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას ზაალ იაკობიძემ.

ვრცლად: www.resonancedaily.com