ხორბლის იმპორტზე ასლარიანი საბაჟო გადასახადის დაწესების შემდეგ, ქართულ წისქვილკომბინატებში ჯერ მხოლოდ 300 ტონა ადგილობრივი წარმოების ხორბალია ჩაბარებული. მიუხედავად მანამდე  გაცხადებული სურვილისა,  ფერმერები პროდუქტის რეალიზაციისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.  უცნობია, თუ რა მოცულობის სასურსათო ხორბალი აქვთ ადგილობრივ მწარმოებლებს მარაგში.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთში ხორბლის ფასის ვარდნა გრძელდება. ამის შედეგად, ასლარიანი საიმპორტო გადასახადის დაწესებისგან  მოსალოდნელი დადებითი ეფექტი უკვე განეიტრალებულია. წისქვილკომბინატებში  ჩასაბარებელი ხორბლის ფასი კი კილოგრამზე  65 თეთრს შეადგენს.

„ეს გადასახადი შემოვიდა ქართველი ფერმერების მოთხოვნით, რადგან მათ ჩასაბარებელი ფასი ჰქონდათ ძალიან დაბალი. მათი მოთხოვნა იყო, ასლარიანი გადასახადი დადგენილიყო იმპორტირებულ ხორბალზე, რათა შემოტანილი ხორბლის ფასი გაზრდილიყო და ამ ფონზე, აწეულიყო ადგილობრივი ხორბლის ღირებულებაც. თუმცა, სიტუაციამ მოიტანა, რომ რუსეთში ხორბლის დეფოლტია. ძალიან დიდი რაოდენობის ხორბალი აქვთ სარეალიზაციო და არც იციან სად წაიღონ, თუ არ გაიხსნა საექსპორტო დერეფნები, რაზეც მუშაობენ. ბუნებრივია,  ეს ხორბალი აწვება ქართულ ბაზარს დღესდღეობით. სავარაუდოდ, საიმპორტო გადასახადის დაწესების  შედეგები ერთ კვირაში, ათ დღეში გამოჩნდება.  მაგრამ დღეს მხოლოდ 300 ტონა სასურსათო ხორბალი გვაქვს მიღებული წისქვილკომბინატებში ადგილობრივი ფერმერებისგან,“- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით,  მოწეული ხორბლის რაოდენობა დაახლოებით 200 00 ტონას შეადგენს, საიდანაც 80 000 არის სასურსათო.

„ეს ხორბალი ჯერ ჩვენთან არ ჩანს, ალბათ ფასის გამო აქვთ ფერმერებს  შენახული. ჩვენ კვლავ ველოდებით, თუმცა სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი,“- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

ცნობისთვის, ხორბლის იმპორტზე გადასახადი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილების მიზეზი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა იყო. 

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“