2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი გაიზარდა. წელს იმპორტირებულია 22.96 მილიონი დოლარის ღირებულების 14 893 ტონა ცოცხალი ღორი, ხოლო გასული წლის იანვარ-სექტემბერში 18.84 მილიონი დოლარის 12 550 ტონა.
ქვეყანაში ცოცხალი ღორების იმპორტი სულ ორი ქვეყნიდან, რუსეთიდან და დანიიდან ხორციელდება, თუმცა ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში რუსეთის წილი იმპორტში 99.8%-ს შეადგენდა.
წელს 9 თვეში რუსეთიდან და დანიიდან ცოცხალი ღორების იმპორტის მაჩვენებლები ასე გამოყურება:
- რუსეთი - 22.65 მილიონი აშშ დოლარის 14 869 ტონა (99.8%);
- დანია - 306 ათასი დოლარის 24.47 ტონა (0.2%).
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა (იანვარ-სექტემბრის ჭრილში). რუსეთიდან ღორების იმპორტის ზრდა ბოლო სამი წელია მიმდინარეობს.
2021-2024 წლების იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელი ასე გამოყურება:
- 2021 წელი - 4.78 მილიონი აშშ დოლარის 2 775 ტონა;
- 2022 წელი - 14.04 მილიონი აშშ დოლარის 7 796 ტონა;
- 2023 წელი - 18.69 მილიონი აშშ დოლარის 12 526 ტონა;
- 2024 წელი - 22.65 მილიონი აშშ დოლარის 4 869 ტონა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში საქონლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. ამავე დროს, სხვადასხვა პერიოდში ცოცხალი ღორის იმპორტი მცირე მოცულობა ბელარუსიდან, უკრაინიდან და ბურლგარეთიდანაც ხდებოდა. წელს კი, საქართველომ ცოცხალი ღორები მხოლოდ რუსეთიდან და დანიიდან იყიდა.
რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტიორი კომპანიების TOP -5-ეული და მათი მფლობელების ჩამონათვალი ასეთია:
- შპს აგრო ტექნოლოგია - კომპანიის წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ამირან შელია ფლობს;
- შპს ვაზიანი 2012 - კომპანიის 50% სულხან ნადირაშვილის, ხოლო 50% ვასილი ხარებაშვილის საკუთრებაა;
- შპს მით იმპორტერ - კომპანია თორნიკე ბარაბანის საკუთრებაა და თავადაა დირექტორიც;
- შპს უნივერსალი - კომპანია ლაშა შინდელიშვილის საკუთრებაა;
- შპს ფიგი 23 - კომპანია გივი სირბილაძეს ეკუთვნის.
ცნობისთვის, საქსტატი მონაცემებს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.