ზანგეზურის დერეფნის პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის და ყველა ჩართული სახელმწიფო დაჩქარებული წესით ცდილობს, რომ გარკვეული პრიორიტეტი მოიპოვონ ამ დერეფნის პროექტის განხორციელების შედეგად დივიდენდების სახით, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზანგეზურის დერეფნის დაჩქარებული ტემპით აღსადგენად სომხეთი რუსეთის რკინიგზის კონცესიიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს.
„სომხეთის რკინიგზა, რომელიც სააქციო საზოგადოება „Южно-Кавказская железная дорога“ სახელითაა ცნობილი, 2008 წლიდან 30-წლიანი კონცესიით და დამატებით 10 წლით მართვის გაგრძელების უფლებით, РЖД-ს რუსეთის რკინიგზისთვისაა გადაცემული. შესაბამისად სომხეთის რკინიგზა 100%-ით რუსეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
რუსეთის მხარის განცხადებით, იგი მკაცრად იცავს სომხეთის მთავრობასთან დადებული საკონცესიო ხელშეკრულების პირობებს, რომლის მიხედვითაც კონცესიის პერიოდში რკინიგზის ინფრასტრუქტურის და მოძრავი შემადგენლობის აღდგენა – განახლებაში ჯამურად 500 მლნ დოლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 2008 – 2025 წლებში რუსეთის მხრიდან სომხეთის რკინიგზაში კონცესიის პირობით ჩადებული იყო თანხის თითქმის 90 %. ჩადებული თანხის მოცულობიდან გამომდინარე, რუსეთის მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკონცესიო ხელშეკრულების პირობებს გეგმიურად ასრულებს.
თუმცა მიუხედავად ამისა, რკინიგზა არ არის მომგებიანი, რადგან მას დაბალი ტვირთბრუნვის მაჩვენებლები აქვს, რომლებიც 3 – 3.5 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობდა, ბოლო ორ წელიწადში კი კატასტროფულად შემცირდა. 2025 წელს სომხეთის რკინიგზამ მხოლოდ 1.85 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა.
სომხეთის მიმართა რუსეთის მხარის, ზანგეზურის დერეფნის შემადგენელი იერასხი – აზერბაიჯანის (ნახჭევანის) საზღვარი და ახურიკი – თურქეთის საზღვარი ორი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით. თუმცა რუსეთის მხარე აღნიშნავს, რომ უმოქმედო სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა ცალკე ხელშეკრულების საგანია და ახალ საინვესტიციო პაკეტად უნდა იქნეს განხილული.
მოგვიანებით, სომხეთის პრემიერმა მოსკოვს შესთავაზა, კონცესია სომხეთისა და რუსეთის მეგობრული ერთ – ერთი ქვეყნისთვის მიეყიდა, რასაც მოსკოვმა „მიუღებელი“ უწოდა“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, რუსული მხარის ინერტულობის ფონზე, სომხეთი ნათლად ხედავს თურქეთის ტერიტორიაზე კონკურენტული მარშრუტის ყარსი-იღდირი-არალიკ-დილუჯუს მიმართულებით სარკინიგზო დერეფნის მშენებლობის გააქტიურებას.
„სომხეთის მხარე ვარაუდობს, რომ რუსული მხარე დროულად არ პასუხობს სომხეთის წინადადებას, უფრო მეტიც, თურქეთის გავლით ნახჭევან-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაჩქარებული ტემპი გამოიწვევს სომხეთის გავლით ყარსის მარშრუტის აქტუალობის დაკარგვას.
თუმცა, თუ რეალურად შევხედავთ, პროექტის დამუხრუჭება რუსეთსაც არ აწყობს და ინტერესი რა თქმა უნდა მასაც აქვს. საუბარია ნახიჩევანიდან ირანზე პირდაპირ გასასვლელზე, რაც რუსეთისთვის პირდაპირ „გარღვევა“ იქნება.
ბოლო დროს ისმის აფხაზეთის რკინიგზის საკითხიც. რუსეთი ამ რკინიგზის აღდგენას სტრატეგიულ „სატრანსპორტო მარყუჟად“ განიხილავს, რათა დაეუფლოს რეგიონის ტვირთნაკადებს და დაუკავშირდეს ირანისა და ინდოეთის ბაზრებს, მაშინ როცა სომხეთისთვის აღნიშნული მარშრუტის აქტუალობა, ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივის ფონზე, თანდათან იკლებს.
სომხეთი საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით ლარსზე გამავალი საავტომობილო გზით სარგებლობს. ლარსზე გამავალი დერეფანი სეზონური პირობების გამო ხშირად იკეტება. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სომხეთის დაინტერესება მაღალია აფხაზეთის რკინიგზის გახსნით. უფრო მეტიც, სომხეთი მუდმივად გამოხატავდა მზადყოფნას აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სამშენებლო კონსორციუმში მხარის სახით ჩართვასთან დაკავშირებით.
ბოლო პერიოდში, ზანგეზურის დერეფნის გახსნის ალბათობა, მნიშვნელოვნად ამცირებს სომხეთის სწრაფვას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთის სატრანზიტო მიმართულების დებლოკირებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.