კვლევითი ორგანიზაცია PMCG საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც უახლესი ტენდენციებია განხილული.

მიმოხილვის თანახმად, საქართველოში 3 198 რეგისტრირებული განთავსების საშუალებაა, თუმცა მათი უმეტესობა მცირე ტევადობის სასტუმროები და საოჯახო სასტუმროებია.

ამავე ცნობით, ტურიზმის ინდუსტრია რჩება საკვანძო ნაწილად საქართველოს ეკონომიკისთვის, 2023 წელს მშპ-ში 7%-იანი მაჩვენებლით. თუმცა მისი წილი მთლიან ბრუნვასა და დამატებით ღირებულებაში ჯერ კიდევ დაბალია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი COVID-19 პანდემიის შემდეგ აღდგა და 2020-იდან 2023 წლამდე ქვეყანაში 238 ახალი სასტუმრო გაიხსნა. 2027 წლისთვის კიდევ 324 ობიექტის გახსნა იგეგმება.

ამავე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ იმ ახალი ობიექტების საწოლების რაოდენობა, რომელთა გახსნა 2024-2027 წლებშია დაგეგმილი, 130%-ით მეტი იქნება 2020-2023 წლებში გახსნილ ობიექტებთან შედარებით. აღნიშნული გაფართოების დიდი ნაწილი თბილისსა და აჭარაზე მოდის, ხოლო სხვა რეგიონები ჩამორჩებიან მათ ინვესტიციების ნაკლებობის გამო.

სასტუმროების ფასები საქართველოში:

სასტუმროების ფასები საქართველოში 2019 წლიდან 2023 წლამდე სტაბილურად გაიზარდა, განსაკუთრებით 3 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის. თბილისში, კახეთსა და აჭარაში ფასები უფრო მაღალია, რადგან ამ რეგიონებში უფრო მაღალი დონის სასტუმროებია, ხოლო იმერეთში და სამეგრელო-ზემო შედარებით სტაბილურად დაბალი ფასებია.

ფინანსური მაჩვენებლები:

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფინანსური მაჩვენებლები ბოლო წლებში არასტაბილური იყო COVID-19-ის პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მომგებიანობა და ლიკვიდურობა 2021-2022 წლებში გაუმჯობესდა, სექტორი ზედმეტად დამოკიდებულია სესხებზე, რაც გარე ფაქტორების გაუარესების შემთხვევაში, რისკებს ქმნის.

bpn.ge