საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ციფრებით მანიპულაციას უწოდებს მთავრობის განცხადებებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და მათ მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. გილაურის განცხადებით, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ მშპ-ის ზომა გაზარდეს სამჯერ ამის მოსახლეობას ბუნებრივად არ სჯერა, რადგან მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი სამჯერ არ გაზრდილმა. ნიკა გილაურის განცხადებით ერთადერთი ობიექტური საზომი, რომელიც არსებულ ვითარებას ზომავს არის აშშ დოლარში ეკონომიკის ნომინალური ღირებულება და ერთ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი, რომელიც არავითარ სამმაგ ზრდას არ აჩვენებს.

მაგალითად, 2012 წელს საქართველოს მშპ-ის ზომა მიმდინარე ფასებში 16.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2015-ში კი ეს მაჩვენებელი ლარის გაუფასურების გამო 15.2 მილიარდი დოლარი იყო, 2016 წელსაც ეკონომიკის ზომა დოლარებში უფრო მცირე იყო ვიდრე 2012 წელს და 15.4 მილიარდს შეადგენდა, ასევე 2017 წელსაც როდესაც მშპ 16.5 მილიარდი იყო და დოლარში გაზომილმა საქართველომ ეკონომიკამ 2012 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2018 წელს გადააჭარბა და ის 17.8 მილიარდი გახდა. აქედან გამომდინარე ნიკა გილაური განმარტავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს არაერთი წლის განმავლობაში რეალური ზრდა არ ჰქონია. ასევე 2020 წელსაც მშპ-ის ზომა პანდემიური კრიზისის დროს $16 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკა განსაკუთრებულად მაღალი ტემპით გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რასაც ნიკა გილაური უკავშირებს ქვეყანაში დიდი მოცულობით რუსული ფულის შემოსვლას უკავშირებს, თუმცა გილაურის განმარტებით ეს ზრდა მდგრადი არ არის და ის უფრო მეტად ერთჯერადი ფაქტორებით არის განპირობებული.

"ხშირ შემთხვევაში ხდება ციფრებით მანიპულაცია, რადგან გააჩნია როგორ ზომავთ თქვენ ქვეყნის ეკონომიკას. ის რომ საქართველოს ეკონომიკა 2012 წლის 30 მილიარდი ლარიდან გაიზარდა 90 მილიარდ ლარამდე არის მართალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ზრდა მოხდა დოლარში, ან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. რადგანაც ლარებში ეკონომიკის ზრდა და მოსახლეობის გამდიდრება არის ორი სხვადასხვა ცნება. არავის არ აინტერესებს ლარებში გაზომილი ეკონომიკა, როდესაც მთავრობა გეუბნებათ რომ ლარში გავიზარდეთ, ესე იგი გატყუებთ. ნებისმიერი მცირე ზომის ქვეყნის მთავრობა რომელიც მოსახლეობას ეკონომიკურ ზრდაზე ესაუბრება ლოკალური ვალუტით, ესეიგი ეს არის მხოლოდ ტყუილის მცდელობა. საქართველოში დოლარიზაციის ფაქტორი იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელია ყველაფერი ვაწარმოოთ ლარში და ლარში შევისყიდოთ მოსახლეობას ბევრი რამ აქვს დაფიქსირებული დოლარში, იქნება ეს უძრავი ქონების ფასი, ან რენტა, კრედიტი, მაკო დონეზეც ყველაფერი დოლარშია დაფიქსირებული, საგარეო ვალი, ექსპორტი თუ სხვა, ინვესტორებიც დოლარში უყურებენ ეკონომიკას. შევხედოთ დოლარის კურსი რა იყო, 1.66-დან გაფრინდა 2.7-მდე შესაბამისად, ამ ზრდის თითქმის ნახევარი გამოწვეულია მხოლოდ კურსის მიერ. დიდი ბოდიში, მაგრამ კურსი რომ კიდევ უფრო გაფრენილიყო და 5 ლარი ღირებულიყო დოლარი, 90 მილიარდი ლარის ნაცვლად 200 მილიარდის დაბრეხვება სწორი იქნებოდა? არა რა თქმა უნდა. ნომინალურ დოლარში უნდა მოხდეს ქვეყნის გამდიდრება. დოლარში შეგვიძლია თავისუფლად დავინახოთ, რომ 2003-2012 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლემდე გაიზარდა 1000 დოლარიდან 4,500 დოლარამდე შემდეგ მიდის ზრდა ლარში და ეს კურსის გაუფასურების გამო არ აისახება მოსახლეობაზე. პირიქით ერთ-ერთ წელს თუ სწორად მახსოვს 2015-ში ლარში დაფიქსირდა +9%, მაგრამ კურსი გაიქცა და დოლარში დაფიქსირდა მინუს 15%-იანი ზრდა. შესაბამისად, ასეთი ლარის ზრდა აისახება თქვენს კეთილდღეობაზე? 2012-დან 2021 წლამდე დოლარში ეკონომიკა თითქმის არ გაზრდილა, რას ამბობენ დოლარში იზრდებაო და იყენებენ საერთაშორისო დოლარს, რომელიც სულ სხვა პარამეტრია და ამერიკის ინფლაციასთან უფრო შუაშია ვიდრე საქართველოს ინფლაციასთან. უნდა ვთქვათ რომ გაიზარდა 2021-2023 წლებში, იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა მაგრამ ამ ზრდასაც თავისი მიზეზები აქვს და კარგია და არ უნდა დავუკარგოთ ეს. მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზი, რომ ეს არ არიის გრძელვადიანი ზრდა, ეს არ არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ზრდა რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ზრდა რომელიც იყო განპირობებული ცხელი ფულით, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა მაქსიმუმ ორი წლით და ვხედავთ ჩვენ ამ ეფექტის წარმავლობას და მომავალ წელს ისევ ჩამოვვარდებით ისეთი დონის ზრდაზე, როგორიც იყო იქამდე, რადგან ასეთი ტიპის ეკონომიკურ პოლიტიკას მოაქვს სტაგნაცია. ზრდა გამოიწვია იმან რომ შემოვიდა რუსეთიდან ფული, გადმორიცხვები გაიზარდა მშპ-ის 17.5%-მდე როცა ადრე იყო 8%, და $2 მილიარდიდან გადმორიცხვები ავიდა 4.5 მილიარდ დოლარამდე, ეს არ არის ისეთი ზრდა, რომელიც იქნება გაგრძელებადი. გარდა ამისა სავარაუდოდ სანქციების გვერდის ავლის ლოგისტიკურმა კომპანიებმა მიიღეს შემოსავალი და ქოლცენტრებმა მოიტანეს გარკვეული ზრდა. შესაბამისად ამ ზრდის დიდი ნაწილი დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან და ეს არ არის გრძელვადიანი ზრდა და მას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული პრობლემები მომდევნო 2-3 წელიწადში,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

IMF-ის შეფასებით, 2012 წლიდან 2024 წლამდე საქართველოს ეკონომიკა ლარებში გაიზარდა 27.9 მილიარდი ლარიდან 89 მილიარდ ლარამდე, ხოლო აშშ დოლარებში ეკონომიკის ზომა არა სამჯერ, არამედ მხოლოდ ორჯერ არის მომატებული - 16.9 მილიარდი დოლარიდან 33.2 მილიარდ დოლარამდე. მშპ ერთ მოსახლეზე აშშ დოლარში 2012 წელს არსებული 4,518 დოლარიდან 2024 წელს 8,882 დოლარამდე არის გაზრდილი, რაც არა სამჯერად, არამედ ორჯერად ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა და ერთი დოლარი 1.66 ლარის ნაცვლად 2.72 ლარი ღირს.

bm.ge